რუსეთი 5 აპრილიდან სომხეთიდან რძის პროდუქტების იმპორტს აჩერებს, ამის შესახებ „როსსელხოზნადზორი“ (რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალური სამსახური) იტყობინება.
რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა სომხეთის ვეტერინარულ სამსახურს სთხოვა, 2023 წლის 5 აპრილიდან ქვეყნის ყველა საწარმოდან შეაჩეროს რძის პროდუქტების რუსეთში სერტიფიცირება
უწყების ცნობით, ამის მიზეზი სომხური საწარმოების ინსპექტირების არადამაკმაყოფილებელი შედეგები გახდა, რომელიც „როსსელხოზნადზორის“ სპეციალისტებმა 2023 წლის 20-დან 24 მარტამდე ჩაატარეს. შემოწმების შედეგად დადასტურდა ინფორმაცია, რომ სომხეთის რძის გადამამუშავებელი საწარმოები იყენებენ ირანული საწარმოების მიერ წარმოებულ ნედლეულს, რომელთაც რუსეთის ფედერაციაში მიწოდების უფლება არ აქვთ.
მიწოდების განახლების შესაძლებლობა განიხილება მას შემდეგ რაც გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრაზე სომხური მხარის მიერ ჩატარებული სამუშაოების შედეგები იქნება წარმოდგენილი - აცხადებენ „როსსელხოზნადზორში“