ფრაქცია „ერთიანმა რუსეთმა“ კანონპროექტი მოამზადა, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრებ გარკვეული სპეციალობის რუსებს დისტანციურად მუშაობას უკრძალავს. ამის შესახებ სახელმწიფო სათათბიროს ფრაქცია „ერთიანი რუსეთის“ ხელმძღვანელის მოადგილე ანდრეი ისაევმა განაცხადა.
შეზღუდვები შეეხება მათ, ვინც წელიწადში 183 ან მეტ დღეს ქვეყნის გარეთ ატარებს. სპეციალობების ჩამონათვალს მთავრობა განსაზღვრავს. ისაევის თქმით, ინიციატივის მიზანი რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოებაა.
„ადამიანს, რომელიც საბანკო სექტორში მუშაობს კორპორაციულ ფოსტასა და მონაცემთა ბაზაზე აქვს წვდომა. ჩვენ არ გვსურს, რომ ჩვენი ბაზა თაღლითების ხელში აღმოჩნდეს“, - განაცხადა ისაევმა.
გუშინ რუსეთის ფედერაციის ციფრული განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელმა მაკსუტ შადაევმა განაცხადა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან რუსეთი დაახლოებით 100 ათასმა IT სპეციალისტმა დატოვა, რაც რუსი IT სპეციალისტების მთლიანი რაოდენობის 10%-მდეა.
ერთი კვირის წინ, რუსული გამოცემა Верстка წერდა, რომ აღნიშნული კანონი ინფორმაციული უსაფრთხოების სფეროს მუშაკებს, ჩინოვნიკებსა და სატრანსპორტო ინდუსტრიის მუშაკებს შეეხებოდა. მათი ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის ციფრული განვითარების სამინისტრო IT სპეციალისტების მუშაობაზე სრულ შეზღუდვას ეწინააღმდეგება, რადგან ამას შესაძლოა ციფრული პლატფორმების განვითარების შეფერხება გამოიწვიოს.