რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტი 2022-2023 სასოფლო-სამეურნეო წლის დასაწყისიდან, ანუ 1-ლი ივლისიდან ნოემბრამდე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1,5%-ით შემცირდა და 17 995 მილიონი ტონა შეადგინა. გასულ 2021-2022 წლების სეზონზე ექსპორტზე 18 268 მლნ ტონა მარცვლეული გავიდა. ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ მარცვლეულის ექსპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ედუარდ ზერნინმა განუცხადა.
2022-2023 სასოფლო-სამეურნეო წელი მიმდინარე წლის 1-ლი ივლისიდან მომავალი წლის 30 ივნისამდე პერიოდს მოიცავს. ივლისიდან-ნოემბრამდე პერიოდისთვის ხორბლის ექსპორტი, ზერნინის მონაცემებით, 3,5%-ით შემცირდა და 15,036 მლნ ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის 15,596 მლნ ტონაზე ნაკლებია.
„მარცვლეულის გარიგების“ შედეგებზე საუბრის დროს ედუარდ ზერნინმა განაცხადა, რომ რუს ექსპორტიორებს ამ გარიგებიდან არაფერი მიუღიათ. მისი თქმით, არცერთი საექსპორტო ბარიერი არ მოხსნილა და ექსპორტის მოცულობა მხოლოდ იმიტომ გაიზარდა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო „სუფთა სავაჭრო ტრანზაქციებიდან მარცვლეულის დიპლომატიაზე გადავიდა.“
ზერნინის შეფასებით, რუსი ექსპორტიორები და მათი სავაჭრო პარტნიორები უკვე ადაპტირდნენ ფარული სანქციების ბარიერებთან, რაც მარცვლეულის ფასის გადახდის, სავაჭრო დაფინანსებაზე ხელმისაწვდომობის, პორტებში გემების შესვლის, დაზღვევისა და სავაჭრო დავების პრობლემებს მოიცავს.
„ეს ბარიერები კვლავ უარყოფით გავლენას ახდენს გადაზიდვებზე. ჩვენ მზად ვართ, თითქმის, გავაორმაგოთ მარცვლეულის მიწოდება გაჭირვებული ქვეყნებისთვის, თუკი ეს ბარიერები მოიხსნება,“ - ამბობს ზერნინი.