რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში ფულადი გზავნილები 2022 წელს რამდენიმე ასეული პროცენტით გაიზარდა. ყველაზე მეტი თანხა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში - სომხეთში, საქართველოში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში გადაირიცხა. ამის შესახებ РосБизнесКонсалтинг (РБК) წერს.
РБК-ს მონაცემებით, წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ფულადი ტრანსფერი ყაზახეთში განხორციელდა (579%), მეორე ადგილზეა საქართველო (+403%) და მესამეზე სომხეთი (+306% 11 თვეში).
მონაცემებს РБК, ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების ცენტრალური ბანკების სტატისტიკასა და სხვა ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს.
საქართველოს ცენტრალური ბანკის სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით РБК წერს, რომ 2022 წელს ფულადი გზავნილების სისტემებით საქართველოში დაახლოებით 2 მლრდ დოლარი გაიგზავნა, რაც რეკორდული მაჩვენებელია მინიმუმ 2012 წლიდან. ეს დაახლოებით ხუთჯერ გაზრდილი ციფრია 2021 წელთან (411,3 მილიონი დოლარი) შედარებით.
რუსეთიდან უზბეკეთში ფულადი გზავნილების მოცულობამ 2022 წლის ბოლოს 14,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წელთან შედარებით 2,6-ჯერ გაზრდილი მაჩვენებელია.
ყირგიზეთის და სომხეთის ცენტრალურ ბანკებს 2022 წლის მონაცემები ჯერ არ გამოუქვეყნებიათ. 2022 წლის 11 თვის შედეგებით, სომხეთში ბანკებისა და ფულადი გზავნილების სისტემებით გადაზიდვების მოცულობა 3,1 მლრდ დოლარამდე, ოთხჯერ გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს რეკორდული ციფრებია 2004 წლის შემდეგ, წერს РБК -მ.
ფიზიკურმა პირებმა ყირგიზეთში ფულის გადარიცხვის სისტემებით 2,6 მლრდ დოლარი გადარიცხეს. ეს მაქსიმალური ციფრია 2005 წლის შემდეგ, მაგრამ მხოლოდ 6%-ით მეტია 2021 წლის მაჩვენებელზე.
ყაზახეთის ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წელს რუსეთიდან ყაზახეთში 357 მილიარდი ტენგე გადარიცხეს, რაც დაახლოებით 775,4 მლნ დოლარის ეკვივალენტია. РБК-ს მონაცემებით, ყაზახეთისთვის ეს რეკორდული მაჩვენებელია. დოლარში შედეგი 6,8-ჯერ აღემატება ყაზახეთში გადარიცხვების მოცულობას 2021 წელთან შედარებით.
РБК წერს, რომ ჩამოთვლილ ქვეყნებში ფულადი გადარიცხვების რეკორდული ზრდის მიზეზი უკრაინაში მიმდინარე „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“, ანუ უკრაინაში ომი და მობილიზაციაა, რის შედეგადაც მილიონობით რუსმა ქვეყანა დატოვა და მეზობელ სახელმწიფოებს შეაფარა თავი.