Levi Strauss & Co., რომელიც Levi`s–ის ბრენდის ტანსაცმელს და ფეხსაცმელს აწარმოებს, რუსეთის ბაზრიდან დროებით გადის, ვინაიდან უკრაინაში კონფლიქტით გამოწვეული რყევები ბიზნესის ნორმალურ წარმოებას შეუძლებელს ხდის, ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
Levi Strauss & Co. თავის პროდუქციას და $300 მლნ–ს ქველმოქმედებისთვის გაიღებს, რაც უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულებს მოხმარდება.
„უზარმაზარი რყევების გათვალისწინებით, რაც რეგიონში ხდება, ბიზნესის ნორმალური წარმოება შეუძლებელია. Levi Strauss & Co. დროებით აჩერებს ბიზნესს რუსეთში, ასევე აღარ მოხდება ახალი ინვესტიციების ჩადება. კომპანია ვალდებულებას იღებს, მხარი დაუჭიროს თავის თანამშრომლებს და პარტნიორებს, მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც ეს გადაწყვეტილება შეეხებათ. ეს მხარდაჭერა უახლოესი თვეების განმავლობაში გაგრძელდება“, ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც რუსული გამოცემა kommersant.ru ციტირებს.
კომპანიის მონაცემებით, მისი მთლიანი შემოსავლების 4% გასულ წელს აღმოსავლეთ ევროპის რეგიონზე მოდიოდა, საიდანაც ნახევარი სწორედ რუსეთის ბაზრიდან მიიღო.
კომპანიის განცხადების თანახმად, უკრაინის ომით დაზარალებულთა დასახმარებლად $300 მლნ გადაირიცხება.
მანამდე რუსეთში თავისი მაღაზიები უკვე დახურეს ისეთმა ცნობილმა ბრენდებმა, როგორებიცაა: H&M, Mango, ასევე კომპანიამ Inditex, რომელიც ბრენდებს Zara, Massimo Dutti, Bershka, Oysho, Pull & Bear და Stradivarius მფლობელია.