რუსეთის ცენტრალური ბანკი უკვე დიდი ხანია გეგმავს ქვეყნის უმსხვილეს კომერციულ ბანკში თავისი წილის მიყიდვას ქონების მართვის დეპარტამენტის Росимущество-სთვის და ამ დღეებში ეს პროცესი დაიწყო.შესაბამისი კანონპროექტი მთავრობაში უკვე დამუშავდა.
გარიგება შედგება საბაზრო ღირებლების საფუძველზე და მას დააფინანსებს ეროვნული კეთილდღეობის ფონდი რამდენიმე ეტაპად. თავის მხრივ, მიღებულ ვალუტას რუსეთის ცენტრალური ბანკი შიდა ბაზარზე 7-8 წლის მანძილზე გაყიდის.კანონპროექტის მომზადების და მისი მთავრობაში გადაგზავნის ფაქტი დაადასტურეს როგორც ფინანსთა სამინისტროში, ასევე ცენტრალურ ბანკში. გაყიდვას ექვემდებარება აქციების საკონტროლო პაკეტი - 52,3%.
ჯერ კიდევ 2019 წელს ასეთი გარიგების შესაძლებლობის შესახებ Reuters წერდა .სააგენტოს მონაცემებით, იგეგმებოდა ბანკის გაყიდვა რამდენიმე ეტაპად. მაშინ მხარეებმა თავი შეიკავეს ამ საკითხზე კომენტარებისგან, დღეს კი ინფორმაცია დადასტურდა.გარიგების სავარაუდო ფასი 2,8 ტრლნ. რუბლს შეადგენს (45, 7 მლრდ. დოლარი) - ეს არის ეროვნული კეთილდღეობის ფონდის მესამედზე ცოტათი ნაკლები. 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ფონდში აკუმულირებულია 7,7 ტრლნ. რუბლი.
ფონდის ინვესტიციები ქვეყნის უმსხვილეს ბანკში სავსებით შეესაბამება მის ერთ-ერთ დეკლარირებულ მიზანს - „მოსახლეობის ფულადი შენატანების სტაბილურობის და შემოსავლიანობის უზრუნველყოფა“.2019 წლის შედეგების მიხედვით, „სბერბანკის“ აქციების შემოსავლიანობამ შეადგინა 6.4% და 16 რუბლი თითო აქციაზე.2020 წელს ეს მაჩვენებელი გაიზრდება 20 რუბლამდე და 7,7%-მდე. შედარებისთვის, რუსეთის მეორე უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის - „ვტბ-ბანკის“ აქციების შემოსავლიანობა 2019 წელს 3%-ს შეადგენდა, ხოლო 2020 წლისთვის 7-8%-მდე გაიზრდება.
მხარეების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთავარი აქციონერის ცვლილება მოხსნის კითხვებს ინტერესთა კონფლიქტის თაობაზე, რომელიც ბუნებრივად ჩნდება მაშინ, როდესაც სახელმწიფო რეგულატორი ამავე დროს არის უმსხვილესი კომერციული ბანკის მფლობელი.მართლაც, წლების მანძილზე ცენტრალური ბანკი იყო აქციონერიც, რეგულატორიც და ზედამხედველიც. ინტერესთა კონფლიქტი გაჩნდა „სბერბანკის“ აქციონირების პირველივე დღიდან. ამიტომაც, მთელი ეს პერიოდი არ წყდებოდა საუბრები ბანკის პირდაპირ სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
ამ იდეას უარყოფდა თავად ცენტრალური ბანკი, „სბერბანკის“ ხელმძღვანელობა, ასევე რამდენიმე დეპუტატი და მთავრობის წევრი.რეალურ სივრცეში ეს პროცესი გადავიდა 2019 წლის ოქტომბერში, როდესაც საკითხი პარლამენტის ფინანსური ბაზრის კომიტეტის თავჯდმარემ ანატოლი აქსაკოვმა დააყენა.
ინვესტორებმა გარიგება ძირითადად დადებითად შეაფასეს - „სბერბანკის“ ჩვეულებრივი აქციები მოსკოვის ბირჟაზე 1,8%-ით გაძვირდა, პრივილეგირებული კი - 3,8%-ით.საინვესტიციო ანალიტიკოსის ალექსანდრ ბახტინის თქმით, გარიგება ვერ მოახდენს სერიოზულ გავლენას ბანკის საქმიანობაზე, რადგანაც მასზე კონტროლი სახელმწიფოს რჩება.
„შედარებით მეტ ოპტიმიზმს გამოხატავენ „სბერბანკის“ უცხოელი ინვესტორები, რომლებიც ტრადიციულად მეტ ყურადღებას აქცევენ ისეთ საკითხებს, როგორც საკუთრების სტრუქტურა და ინტერესთა კონფლიქტები“ - მიიჩნევს ექსპერტი.
ფინანსისტის გეორგი ვაშენკოს თქმით, უცხოელი ინვესტორებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ბანკში საბჭოს დღევანდელი შემადგენლობის შენარჩუნება. „თუ ბანკის ხელმძღვანელობა შეიცვლება, ეს იქნება ნეგატიური სიგნალი ინვესტორებისთვის, თუმცა, სავარაუდოდ, სწრაფი ცვლილელები მმართველ სტრუქტურებში მოსალოდნელი არაა“ - მიიჩნევს ექსპერტი.
წყარო: Kommersant.ru
თენგიზ აბლოთია