რუსეთის ჩრდილო-დასავლეთის აუზის საზღვაო პორტებში კონტეინერების ბრუნვა მაისში შესაძლოა, 95%-ით შემცირდეს, თუკი ბაზარზე ახალი საზღვაო გადამზიდავები არ შევლენ. ამის შესახებ Delo Group-ის გენერალურმა დირექტორმა, დიმიტრი პანკოვმა განაცხადა, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს.
მისი თქმით, 20-მდე ძირითადი საერთაშორისო საკონტეინერო ხაზიდან, რომელიც რუსეთში იმყოფებოდა, 14 ქვეყნიდან გავიდა, ხოლო ეს 14 ხაზი ტვირთბრუნვის, დაახლოებით, 70-80%-ს აკონტროლებდა. პანკოვი ამბობს, რომ ყველაზე მეტად ჩრდილო-დასავლეთი დაზარალდა და კიდევ უფრო დაზარალდება. მარტში ჩრდილო-დასავლეთის აუზში კონტეინერების ბრუნვა, დაახლოებით, 35%-ით, აზოვი-შავი ზღვის აუზში კი 50%-ით შემცირდა.
„ჩვენ ჩრდილო-დასავლეთის იმ ხაზებს ვითვისებთ, რომლებმაც რუსეთი დატოვეს და მოცულობის ეს დანაკარგი, დაახლოებით, 90-95%-ს, ანუ, თითქმის, მთლიან აუზს შეადგენს,“ - აცხადებს პანკოვი.
მისი ცნობით, ჩრდილო-დასავლეთის მთავარი გადამზიდავებიდან მხოლოდ ჩინური COSCO და Unifeeder დარჩნენ, თუმცა, როგორც პანკოვისთვის გახდა ცნობილი, Unifeeder-მა, ასევე, გადაწყვიტა, ჩრდილო-დასავლეთის პორტები დატოვოს.
მისი თქმით, Maersk-ისა და სხვა ცნობილი გადამზიდავების გემები, რომლებიც ქვეყნიდან გასვლა გამოაცხადეს, მიმდინარე თვეს რუსეთის პორტებში მხოლოდ იმიტომ შედიან, რომ დაგროვილი კონტეინერები გაიტანონ, ხოლო ამსტერდამიდან, ანტვერპენიდან და ბრემერჰავენიდან, პირიქით, რუსეთში შეიტანონ.
„ყველა ხაზი აცხადებს, რომ აპრილის ბოლომდე კონტეინერების ევაკუაციის პროცესს დაასრულებს, შესაბამისად, მაისში სხვა რეალობა იწყება და ხაზების გარეშე ვრჩებით,“ - აცხადებს Delo Group-ის ტოპ მენეჯერი.
ის საგანგაშოდ პროგნოზირებს, რომ თუ ჩრდილო-დასავლეთის ხაზებზე ჩანაცვლება არ მოხდება, მაისიდან კონტეინერების ბრუნვა გაჩერდება, რაც „მართალია, სამუდამო არ იქნება, თუმცა ტვირთების ნაკადის რეორიენტაციას დიდი დრო დასჭირდება.“