მეოცე დღეა, რაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. შედეგად, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ქართული ეკონომიკის პროგნოზირებული 6%-იანი ზრდა - ამის შესახებ რადიო ,,პალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ,,თიბისი კაპიტალის“ მთავარმა ეკონომისტმა განაცხადა.
ოთარ ნადარაიამ, მსოფლიოში მიმდინარე ბოლო ეკონომიკური ტენდენციებიც მიმოიხილა. მისი თქმით, დადებითი მომენტია, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და ოქროს ფასი მცირდება.
,, ძალიან რთულია ამ ემოციურ ფონზე პროგნოზების გაკეთება. სამწუხაროდ, დღეს, საომარი კონფლიქტის კუთხით უარეს სცენარში ვართ, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა, მაგრამ ეკონომიკური კუთხით ვინარჩუნებთ წმინდა პრაგმატულ შეფასებას, რომ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები არ არის ყველაზე უარესი და ყველაზე მკაცრი. პრაგმატულად რომ ვთქვათ, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს სანქციები რუსული ეკონომიკისთვის, ეს შეძლება სასიკეთო იყოს რუბლისთვის, რადგან გრძელდება ენერგორესურსების გადინება მაღალ ფასში.
ბოლო დღეებში რაც შეიცვალა, ეს არის ნავთობის ფასების მნიშვნელოვანი შემცირება. ასევე მნიშვნელოვნად შემცირდა ოქროს ფასიც, რომელიც შიშის და უარყოფითი განწყობების ინდიკატორია. ამ მხრივაც აღსანიშნავია ეს უკანასკნელი“ - განაცხადა ნადარაიამ.
მისივე თქმით, ომის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საქართველოში პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც.
,,დღეს, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას პროგნოზირებული 6%-იანი ზრდა, თუმცა ამან მონაცემებით უარყოფით ზრდაზეც არ გავდივართ. რაც შეეხება ლარის კურსს, ბოლო მონაცემებით დამაიმედებელი ფაქტორებია. არის მოსაზრება, რომ ლარი ომამდელ ნიშნულს გამორიცხულია რომ დაუბრუნდეს, ჩვენ ასე არ ვფიქრობთ, მაგრამ ამ ოპტიმისტური სცენარისგან მაინც ძალიან შორს ვართ.
რაც შეეხება ფულად გადმორიცხვებს, რომელის დიდი ნაწილიც რუსეთიდან ხორციელდება, აუცილებლად იქნება დიდი ასახვა. ,,tbc კაპიტალი“ აქვეყნებს ოპერატიულ სტატისტიკას და იქ შემოგთავაზებთ განახლებას, რომელიც განსხვავდება ოფიციალური მაჩვენებლისგან, რადგან იქ უფრო დიდი დრო სჭირდება დამუშავებას. ჩვენ გვაქვს უშუალოდ, ჩვენი ბანკის სტატისტიკა არეზიდენტების ხარჯვასთან დაკავშირდებით. ასევე, რამდენი გზავნილი შემოვიდა და საიდან. ამ განახლებულ სტატისტიკას ძალიან მალე შემოგთავაზებთ“ - განაცხადა ნადარაიამ ,,საქმეში“.