2022 წლის ბოლოს, რუსეთის მოქალაქეებს 535 მლნ ლარი მიმდინარე ანგარიშზე, ხოლო 2.3 მილიარდი ლარი მოთხოვნამდე და ვადიან დეპოზიტებზე ჰქონდათ განთავსებული, — ამის შესახებ საუბარია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ მომზადებულ ანგარიშში „საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე: რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა“.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, 2022 წელს რუსეთის მოქალაქეებმა ქართულ ბანკებში 60 ათასზე მეტი ანგარიში გახსნეს, ხოლო მათ მიერ მიმდინარე ანგარიშებზე და დეპოზიტებზე განთავსებული თანხის მოცულობა 2021 წელთან შედარებით თითქმის 4-ჯერ გაიზარდა და 2.8 მლრდ ლარს მიაღწია.
„2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოს კომერციულ ბანკებში რუსეთის მოქალაქეების მიერ გახსნილი ანგარიშების რაოდენობა თითქმის 2-ჯერ გაიზარდა და 82 ათასს მიაღწია, როცა წინა წლებში მნიშვნელოვნად არ იზრდებოდა. რუსეთის მოქალაქეების მიერ ქართულ ბანკებში მიმდინარე ანგარიშებზე და დეპოზიტებზე განთავსებული თანხის მოცულობა 2022 წელს თითქმის 4-ჯერ გაიზარდა და 2.8 მლრდ ლარს მიაღწია. შედარებისთვის, 2021 წელს ზრდა მხოლოდ 1.3% იყო“, — ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ მომზადებულ ანგარიშში.