მილიარდერმა იური მილნერმა და მისმა ოჯახმა უარი თქვეს რუსეთის მოქალაქეობაზე. გასვლის პროცესი მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდა. ამის შესახებ ბიზნესმენმა Twitter-ზე განაცხადა.
„მე და ჩემმა ოჯახმა სამუდამოდ დავტოვეთ რუსეთი 2014 წელს, რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ. ამ ზაფხულს კი ჩვენ ოფიციალურად დავასრულეთ რუსეთის მოქალაქეობიდან გამოსვლის პროცესი“, - თქვა მილიარდერმა.
მილნერი რუსული Forbes-ის სიის პირველ ოცეულშია. ეს არის მესამე ბიზნესმენი რეიტინგის ყოფილ და ამჟამინდელ მონაწილეთა შორის, რომელებმაც ბოლო თვეებში უარი თქვეს რუსეთის მოქალაქეობაზე.
2022 წელს მილნერმა მილიარდერების რეიტინგში მე-15 ადგილი დაიკავა 7,3 მილიარდი დოლარის ქონებით, რაც შეეხება მოქალაქეობას, მან ისრაელის პასპორტი ჯერ კიდევ 1999 წელს მიიღო და იქ რამდენიმე წელი ცხოვრობდა, სანამ აშშ-ში გადავიდა.
ზაფხულში, ტიმურ ტურლოვმა, კიდევ ერთმა მილიარდერმა, საინვესტიციო კომპანიის Freedom Finance-ის დამფუძნებელმა, განაცხადა, რომ უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე. ის 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა ყაზახეთში, წელს კი ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. სექტემბერში კი ბიზნესმენმა რუბენ ვარდანიანმაც განაცხადა, რომ უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე.
ubr.ua