საწვავზე ფასების რეკორდულად ზრდის პარალელურად, საქართველოში დიზელის ფასმა ბენზინისას გადააჭარბა, რაც იშვიათი მოვლენაა. ამის მიზეზი მსოფლიო ტრენდია. რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ერთ თვეში 1 ტონა (1300 ლიტრი) ბენზინის ფასი 17%-ით $917-დან $1072-მდე, ხოლო დიზელის 43%-ით $824-დან $1181-მდე გაიზარდა. როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა კომერსანტთან საუბარში განმარტა დიზელზე ფასების სწრაფი ზრდა ომამდეც შეინიშნებოდა, ომის შემდეგ კი პროცესი დაჩქარდა.
ვანო მთვრალაშვილის თქმით ომამდეც ევროპაში დიზელის საწვავის მარაგები ზღვრულ მაჩვენებელს ჩამორჩებოდა, ომის შემდეგ კი დეფიციტი გაიზარდა. მიწოდების ჯაჭვი დაირღვა, რუსეთისგან რომელიც EURO 5-ის სტანდარტის დიზელს აწარმოებდა ოფიციალური და არაოფიციალური სანქციების შედეგად შესყიდვები შემცირდა.
დიზელის გაძვირების კიდევ ერთ, მაგრამ არაძირითად მიზეზად შეიძლება ის ფაქტიც მივიჩნიოთ, რომ სამხედრო ტექნიკის უმეტესობა უხვი რაოდენობით დიზელს მოიხმარს და მასზე მოთხოვნა დამატებით გაზრდილია.
სამხედრო ტექნიკის მსგავსად, დიზელზე მუშაობს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაც, რაც გლობალური მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის თვითღირებულების ზრდას გამოიწვევს.
23 მარტის მდგომარეობით, საქართველოში, ბრენდულ ავტოგასამართ სადგურებზე დიზელის ღირებულება 4.03-4.19 ლარს შეადგენს, რაც სუპერის ტიპის ბენზინის ფასზე 10-15 თეთრით მეტია. შედარებით იაფი 3.80-3.90 ლარი, დიზელი მხოლოდ სოკარის ქსელში ღირს, თუმცა ის EURO 5-ის სტანდარტის არაა.