ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან სარაკეტო დარტყმის საფრთხე რჩება. რუსეთმა ,,ისკანდერების“ სარაკეტო სისტემები ხერსონის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვართან განათავსა.
აღნიშნულთან დაკავშირებით უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრე მოტუზიანიკმა განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან მტრის სარაკეტო დარტყმის საფრთხე რჩება.
მოტუზიანიკმა განმარტა, რომ მელკოვოდნოეს დასახლების რაიონში, რომელიც მდებარეობს ხერსონის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრიდან 8 კილომეტრში, ოკუპანტებმა განალაგეს ისკანდერების სარაკეტო განყოფილება.
მან აღნიშნა, რომ მტრის გემები აგრძელებენ გემების ბლოკირებას შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.კერძოდ, შავ ზღვაში სარაკეტო იარაღის გამოყენებისთვის მზადყოფნაშია მოწინააღმდეგის 4 სარაკეტო ხომალდი და წყალქვეშა ნავი 36-მდე რაკეტის სავარაუდო ჯამური ზალპით.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ბელარუსის საზღვართან რუსი ჯარისკაცები ისკანდერებით, თვითმფრინავებითა და პანცირებით არიან განლაგებული.