უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის შემდეგ რუსეთის სამხედრო–საზღვაო ძალებმა შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავ სამ გემზე მიიტანეს სარაკეტო იერიში. ერთი მათგანი ჩაიძირა.
ამის შესახებ RBC-Ukraine სააგენტო Reuters-ზე დაყრდნობით წერს.
სააგენტოს პანამის საზღვაო სამმართველოში აცნობეს, რომ რუსული სარაკეტო თავდასხმის მსხვერპლი გახდნენ Namura Queen, Lord Nelson და Helt. თუმცა სამმართველოში თავდასხმების თარიღებს არ აკონკრეტებენ.
„ვიცით, რომ ჩვენ სამ გემზე რუსებმა მიიტანეს სარაკეტო იერიში. ეკიპაჟის წევრები გადარჩნენ, გვაქვს მატერიალური ზარალი“, – თქვა ნორიელ არაუზმა, პანამის საზღვაო სამმართველოს ადმინისტრატორმა.
მისივე თქმით, შავ ზღვაში კიდევ დაახლოებით 10 პანამური გემია, თუმცა რუსეთის სამხედრო–საზღვაო ძალები მათ ამ რეგიონიდან გასვლას უზღუდავს.