რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შესაძლოა ფერმერებს ურჩიოს, დროებით შეაჩერონ მზესუმზირას ზეთის, მზესუმზირას თესლისა და ხორბლის ექსპორტი მსოფლიო ბაზრებზე ფასების მკვეთრი კლების გამო.
რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ ოქსანა ლუტმა განაცხადა.
კვირის ბოლომდე (26 მარტს) სამინისტრო გამართავს შეხვედრას დარგის წარმომადგენლებთან, სადაც ურჩევს შეწყდეს მიწოდება საზღვარგარეთ და დაელოდონ ფასის მატებას.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა სხდომაზე აღინიშნა, რომ ბოლო კვირანახევრის განმავლობაში მზესუმზირას ზეთის ღირებულება ტონაზე 1100 დოლარიდან 800 დოლარამდე შემცირდა, ხოლო მზესუმზირას ფასი - 600 დოლარიდან 395 დოლარამდე. ასევე მარტის დასაწყისში რუსეთიდან ხორბლის ღირებულება პირველად 2021 წლის აგვისტოს შემდეგ დაეცა $300-ზე დაბლა ტონაზე.
ცნობისთვის, აღსანიშნავია, რომ საქართველოშო ხორბლისა და მზესუმზირის ზეთის მთავარი იმპორტიორი რუსეთია. 2023 წლის იანვარ-თებერვალში იმპორტირებული ზეთის 94% და ხორბლის კი, 97% რუსეთზე მოდის.