ოთხშაბათს, 16 მარტს რუსეთს ევროობლიგაციების $117 მილიონის გადახდა უწევს. რუსეთის ცენტრალურ ბანკში განაცხადეს, რომ გადახდა შესაძლოა რუბლებში განხორციელდეს.
დეფოლტი რუსეთს სუვერენულ ვალდებულებებზე კიდევ უფრო დიდ პრობლემებს შეუქმნის მის ეკონომიკას და საფინანსო სისტემას. ასევე გაურთულებს მოსკოვს დაკრედიტებისთვის ახალი წყაროების გამონახვას და გაუძვირებს სამომავლო კრედიტებს. ამის შესახებ აშშ–ის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, წერს „ამერიკის ხმა“.
თუ 16 მარტს დასაფარ ვალდებულებებს რუსეთი დოლარში ვერ გადაიხდის და ამას რუბლში გააკეთებს, ბაზარმა შესაძლოა ეს დეფოლტად შეაფასოს.
დასავლეთის სანქციების გამო რუსეთს ხელი აღარ მიუწვდება ცენტრალური ბანკის აქტივებზე უცხოურ ვალუტაში. ამასთან, იკრძალება დოლარსა და ევროში ოპერაციების წარმოება რუსულ საფინანსო დაწესებულებებთან, რომლებზეც სანქციები ვრცელდება, მათ შორის ცენტრალურ ბანკთან, რაც ნებისმიერ ანგარიშსწორებას ართულებს.
აშშ–ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე უალი ადეიემო მანამდე ამბობდა CNBC-ს ეთერში, რომ რუსეთის მიერ ვალდებულებების გასტუმრებით ვლადიმირ პუტინს რესურსებს ამოუწურავს უკრაინის წინააღმდეგ ომის გასაგრძელებლად.
მისივე თქმით, რუსეთის სუვერენული ობლიგაციების ფასის მკვეთრი ვარდნა, რომლებიც დღეს 20 ცენტად და უფრო ნაკლებადაც იყიდება, დეფოლტის დიდ ალბათობას ადასტურებს.