რუსეთში აფთიაქებში მედიკამენტებზე დეფიციტს ელოდებიან. პრობლემა მას შემდეგ შეიქმნა, რაც საზღვარგარეთიდან წამლების იმპორტი შემცირდა და იმპორტირებულ ნედლეულზე დამოკიდებული შიდა წარმოებაც გართულდა. ინფორმაციას ფარმვესტნიკი ავრცელებს.
დეფიციტი მოსალოდნელია 97 დასახელების წამალზე, მათ შორის არის ძირითადი ანტისეპტიკები, ტკივილგამაყუჩებლები, ჰორმონები და ვაქცინები. კერძოდ, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებულ სიაში შედის პარაცეტამოლი, ასპირინი, იბუპროფენი, ანალგინი, ჰორმონალური პრეპარატი პრედნიზოლონი, პენიცილინის ანტიბიოტიკები (ამოქსიცილინი და დოქსიციკლინი).
სიაში ასევე შედის საანესთეზიო ლიდოკაინი, იოდის ხსნარი, კორვალოლის ტაბლეტები და წვეთები, ნიტროგლიცერინი, დიფტერიის, ყივანახველისა და ტეტანუსის ვაქცინა (ADKS), ვიტამინი E და რამდენიმე სახის იმუნოგლობულინი.
„ჩამონათვალში შედის მედიკამენტები, რომლებზეც პრიორიტეტული იქნება ზომები ბაზარზე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად“, - განმარტავენ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში.
RNC Pharma-ს შეფასებით, საზღვარგარეთიდან რუსეთში მედიკამენტების იმპორტი 20%-ით შემცირდა.