უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და დასავლეთის მიერ ქვეყნისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, რუსეთში ანტიდეპრესანტებზე მოთხოვნა მკვეთრად გაიზარდა.
"მასობრივი დეპრესიის დასაწყისი" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ვებგვერდი kommersant.ru.
DSM Group-მა გამოცემას განუცხადა, რომ 28 თებერვლიდან 6 მარტამდე რუსეთის აფთიაქებში გაიყიდა 577,6 ათასი შეფუთვა ანტიდეპრესანტი, რომლის ღირებულებამ 525,6 მილიონი რუბლი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის მონაცემებს ოთხჯერ აღემატება.
პრეპარატების დეფიციტისა და ფასების ზრდის შიშით, პაციენტები მარაგს აგროვებენ, რის გამოც, ლოჯისტიკური შეფერხების ფონზე, ზოგიერთ აფთიაქში ანტიდეპრესანტები და სედატიური საშუალებები უკვე დეფიციტური გახდა.
საგულისხმოა, რომ ზოგადად წამლებთან შედარებით, ანტიდეპრესანტებზე მოთხოვნა უფრო მეტად გაიზარდა. რეცეპტით გაცემულ ანტიდეპრესანტებს შორის ყველაზე გაყიდვადი მედიკამენტები იმპორტირებულია.
ასევე მზარდია მოთხოვნა საძილე აბებსა და შფოთვის საწინააღმდეგო საშუალებებზე. DSM Group-ის მონაცემებით, მარტის პირველ კვირაში ამ ჯგუფების მედიკამენტების გაყიდვები, წინა წელთან შედარებით, 88% და 34,7%-ით გაიზარდა.
სააფთიაქო ქსელი "36.6" ანტიდეპრესანტების, შფოთვის საწინააღმდეგო და საძილე აბების გაყიდვების ზრდას ადასტურებს. 28 თებერვლიდან ორ კვირის განმავლობაში ამ ტიპის მედიკამენტების გაყიდვები, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 115,3%-ით გაიზარდა.
Роса-ს ფსიქიატრიის, ნევროლოგიისა და ნარკოლოგიის ცენტრის მთავარი ექიმი ვიაჩესლავ ფილაშიხინი აღნიშნავს, რომ თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ტრავმული მოვლენებმა გავლენა იქონია მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
DSM ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი სერგეი შულიაკის თქმით, ანტიდეპრესანტები იმ ტიპის წამლებია, რომლებიც პაციენტებმა უწყვეტად უნდა მიიღონ. მისი თქმით, მოთხოვნა სწორედ ამ მიზეზით გაიზარდა.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის ბაზარი ასობით დასავლურმა კომპანიამ დატოვა. მათ შორის რამდენიმე მსხვილი ფარმაცევტული კომპანიაა.
წყარო: businessformula.ge