რუსეთში ბომბსაფრების სისტემებს სისტემურად ამოწმებენ და აახლებენ. ამის შესახებ The Moscow Times-ი ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. ირკვევა, რომ წლების განმავლობაში მივიწყებულ ბუნკერებსა და თავშესაფრებზე, უკრაინაში ომის პარალელურად, ადგილობრივმა მთავრობებმა ასობით მილიონი რუბლის დახარჯვა დაიწყეს, რათა ეს ობიექტები კვლავ გამოსადეგი იყოს.
რუსეთში საჯაროდ არ გამოუცხადებიათ, რომ თავშესაფრების განახლებას აპირებენ, თუმცა ვრცელდებოდა ცნობები, რომ ადგილობრივი ხელისუფლებები მსგავს ობიექტებს აახლებდნენ. ცნობილი ხდება, რომ კრასნოდარის ოლქში ადგილობრივი მთავრობა ბომბსაფრებზე 6 მლნ რუბლს დახარჯავს, ნიჟნი ნოვგოროდის ოლქი 50 მლნ რუბლს, ხოლო ქალაქი რიაზანი კი დაახლოებით 1 მლნ რუბლს.
გამოცემა ხაზს უსვამს, რომ დაფინანსებების სამთავრობო ვებგვერდზე ხშირად ჩნდება თავშესაფრების განახლების ტენდერები. მაგალითად, ნოემბერში, სამარის ოლქში გამოცხადებული იყო 3.8 მილიონი რუბლის ($54 100) ღირებულების ტენდერი, რომლის მიხედვითაც, ბომბსაფარი წყალგამძლე უნდა გაეხადათ.