2021 წელს რუსეთში გერმანული კომპანიების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 8%-ით შემცირდა. ამის შესახებ გერმანულ-რუსული სავაჭრო პალატის (AHK Russland) ანგარიშში წერია, რასაც Deutsche Welle (DW) ავრცელებს.
გერმანელი ექსპერტები რუსული ბაზრიდან კომპანიების მასობრივ გასვლაზე გაფრთხილებას იძლევიან. AHK Russland-ის გამგეობის თავმჯდომარე, მატიას შეპი ამის მიზეზად უკრაინასთან კონფლიქტის სრულმასშტაბიან შეტაკებებში გადაზრდისა და რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციების დაწესების საფრთხეს, ასევე, რუსეთის ფედერაციაში რიგი უცხოელებისთვის სავალდებულო სამედიცინო გამოკვლევას ასახელებს. ეს უკანასკნელი ღონისძიება, მისი თქმით, დისკრიმინაციულია.
2021 წლის 29 დეკემბრიდან რუსეთის ფედერაციაში 3 თვეზე მეტი ვადით ჩასული უცხოელები და მათი ოჯახის 7 წელზე უფროსი ასაკის წევრები ვალდებული არიან, ნარკოლოგიური შემოწმებისა და ინფექციური დაავადების არარსებობის შესახებ ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობა წარუდგინონ. გარდა ამისა, სავალდებულოა რენტგენოლოგიური გამოკვლევის გავლა, თითის ანაბეჭდებისა და ბიომეტრიული ფოტოსურათის ჩაბარება. კანონის თანახმად, უცხოელებმა სამედიცინო შემოწმება რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს დაწესებულებებში უნდა გაიარონ.
მატიას შეპი აღნიშნავს, რომ თუკი ბიზნეს კლიმატის სტაბილიზაციისთვის გამოსავალი მალე არ მოიძებნება, წელს შესაძლოა, კიდევ უფრო მეტმა კომპანიამ გადაწყვიტოს რუსეთში ოპერაციების შეწყვეტა. ის ხაზს უსვამს გერმანული ბიზნესის მრავალმილიარდიან ინვესტიციებს რუსეთის ეკონომიკაში.
AHK Russland-ის მონაცემებით, 2011 წელს რუსეთში გერმანული კომპანიების რაოდენობა 6300-ს შეადგენდა, თუმცა მომდევნო 10 წლის განმავლობაში 40%-ზე მეტად, გერმანული საწესდებო კაპიტალის მქონე 3651 კომპანიამდე შემცირდა.
bpn.ge