კომპანიამ, რომელიც რუსეთში მაკდონალდსის რესტორნების ქსელის მფლობელი გახდა, ლოგოტიპი შეარჩია, წერს რუსული გამოცემა იზვესტია კომპანიაზე დაყრდნობით. თუმცა, რესტორნების ქსელის ახალი სახელი ჯერ კიდევ უცნობია.
7 ივნისს კომპანიამ განაცხადა, რომ მწვანე–წითელი–ნარინჯისფერი ორი ლოგოტიპიდან აკეთებს არჩევანს. საბოლოოდ იმ ლოგოტიპზე შეჩერდნენ, რომელზეც მაკდონალდსის მთავარი სიმბოლოებია დატანილი – კარტოფილი ფრის ორი ჩხირი და წრის ფორმის ბურგერი. „მწვანე ფონი პროდუქტისა და მომსახურების ხარისხს გამოხატავს, რომლებსაც ჩვენი სტუმრები მიჩვეული არიან“, – უთხრეს rbc.ru-ს კომპანიის პრეს–სამსახურში.
შერჩეული ლოგოტიპით რეკლამები დღეიდან, 9 ივნისიდან გაეშვება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მოსკოვსა და მის შემოგარენში მაკდონალდსის ყოფილი 15 რესტორანი 12 ივნისიდან განაახლებს მუშაობას, თუმცა რა სახელით, დღემდე უცნობია.
უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის შემდეგ, მარტის დასაწყისში, მაკდონალდსმა რუსეთის ტერიტორიაზე მუშაობა შეწყვიტა. 16 მაისს კი განაცხადა, რომ რუსეთში თავის ბიზნესს ყიდდა. ქსელი ბიზნესმენმა ალეკსანდრ გოვორმა შეიძინა, რომელიც კომპანია „გიდ“–ის მფლობელია. ეს კომპანია ციმბირში მაკდონალდსის ქსელს 2015 წლიდან ავითარებდა.