2023 წლის თებერვალში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მობილური ინტერნეტის სიჩქარე რუსეთის რეგიონებში, მოსკოვის გარდა, საშუალოდ 7%-ით, წამში 18,3 მეგაბიტამდე შემცირდა.აღნიშნულის შესახებ „იზვესტია“ TelecomDaily-ის ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
აღმოჩნდა, რომ ხშირად უბრალოდ შეუძლებელია ქსელთან დაკავშირება. ეს ხელს უშლის მნიშვნელოვანი აპლიკაციების მუშაობას - მაგალითად, ტაქსის შეკვეთისთვის, აღნიშნეს TelecomDaily-ის გამოკითხვის მონაწილეებმა. ასეთი დინამიკა დაკავშირებულია ქსელური აღჭურვილობის დეფიციტთან, რომლის მიწოდება რუსეთში გასულ გაზაფხულზე შეწყდა.
„გარდა ამისა, ნებისმიერი კომუნიკაციის სირთულე მოსკოვში ან სანკტ-პეტერბურგში შეიძლება გახდეს სერიოზული საიმიჯო პრობლემების წყარო ოპერატორისთვის. და, პირიქით, ვერავინ შეამჩნევს, თუ სიჩქარე 20-30 პროცენტით დაიკლებს შორეულ რეგიონულ ცენტრში“, - ამბობს დენის კუსკოვი, TelecomDaily-ის აღმასრულებელი დირექტორი.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ციფრული განვითარების სამინისტროს მონაცემებით, 2022 წლის პირველ ცხრა თვეში, მობილური ინტერნეტის ტრაფიკი რუსეთში 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 20%-ზე მეტით გაიზარდა, 25,8 მილიარდ გიგაბაიტამდე.