რუსეთში პარალელური იმპორტის მოცულობამ 20 მილიარდი დოლარს გადააჭარბა და სატრანზიტო ქვეყნებში, მათ შორის ბელარუსში, ყაზახეთსა და ყირგიზეთში საწყობების მდგომარეობა გაართულა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
მედიის ინფორმაციით, რუსული კომპანიების მხრიდან პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საწყობებზე მოთხოვნა გაზაფხულის დასაწყისისთვის 40-50%-ით გაიზარდა და თითქმის 400 ათას კვ.მ-ს მიაღწია.
ანალიტიკოსები განმარტავენ, რომ დსთ-ს ბაზრების მიმართ ინტერესმა ზრდა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, როდესაც საჭირო გახდა რუსეთში პარალელური იმპორტისთვის ლოგისტიკური ჯაჭვების შექმნა.
რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის მონაცემებით, პარალელური იმპორტის მოცულობამ 2022 წლის მარტიდან, ანუ მისი ამოქმედებიდან მოყოლებული 2022 წლის დეკემბრამდე დაახლოებით 2,4 მილიონი ტონა საქონელი შეადგინა. გარდა ამისა, არაერთი საერთაშორისო კომპანია განიხილავს დსთ-ში მუშაობას, როგორც შესაძლებლობას რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობის გასაგრძელებლად.
პოსტსაბჭოთა სივრცეში საწყობებზე ძირითად მოთხოვნას ქმნიან მსხვილი რითეილერები, მათ შორის ელექტრონული კომერცია და ლოგისტიკური ოპერატორები. მოთხოვნების დაახლოებით 80% მოდის Wildberries-სა და Ozon-ზე.
თუმცა, დსთ-ს ქვეყნებში სასაწყობო ფართებზე რუსული კომპანიების მხრიდან მოთხოვნის შესამჩნევი ზრდა მიწოდების სერიოზულ ნაკლებობას შეეჯახა. NF Group-ის პარტნიორი კონსტანტინ ფომიჩენკო ამბობს, რომ ყაზახეთში, საქართველოში, სომხეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში თავისუფალი სასაწყობე ფართები პრაქტიკულად აღარაა. ბელარუსში ლოგისტიკური პარკებში თავისუფალი ადგილები არ აღემატება 2,8%-ს 16 მილიონი კვ.მ-დან, უზბეკეთში 4,5%-ს 207 ათასი კვ.მ-დან.
ლოგისტიკური ოპერატორების განცხადებით, საწყობის ინფრასტრუქტურის ნაკლებობა ართულებს რუსეთში პარალელური იმპორტის შემდგომ ზრდას.