რუსეთიდან მარცვლეულზე, მზესუმზირის ზეთსა და შროტზე საექსპორტო გადასახადები რუბლებით გამოითვლება. ფედერაციის მთავრობის შესაბამისი დადგენილება მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების პორტალზე გამოქვეყნდა, რასაც „აგროინვესტორი“ ავრცელებს.
მანამდე გადაწყვეტილება რუსეთის საგარეო ვაჭრობაში დამცავი ღონისძიებების, საბაჟო-სატარიფო და არასატარიფო რეგულირების ქვეკომიტეტმა დაამტკიცა. ამასთან, მთავრობამ მზესუმზირის ზეთზე, შროტსა და მზესუმზირაზე საექსპორტო გადასახადები 2023 წლის 31 აგვისტომდე გაახანგრძლივა.
ადრე გადასახადების გაანგარიშების დროს საბაზისო ფასები დოლარში იყო მითითებული, ახლა კი ისინი რუბლით გამოითვლება. მაგალითად, მზესუმზირის ზეთისთვის საბაზისო ფასი ტონაზე 82 500 რუბლი იქნება, რაც მანამდე ათას დოლარს შეადგენდა, ტონა შროტზე - 185 დოლარის ნაცვლად, 13 875 რუბლი, ხორბალსა და მესლინზე - 200 დოლარის ნაცვლად, 15 000 რუბლი, ხოლო ქერსა და სიმინდზე - 185 დოლარის ნაცვლად, 13875 რუბლი.
რუბლებში კონვერტაციისთვის მარცვლეულზე გადასახადების გამოთვლის ფორმულა რუბლთან მიმართებაში აშშ დოლარის კურსის საშუალო არითმეტიკულ მაჩვენებელს მოიცავს, რომელიც ცენტრალური ბანკის მიერ გადასახადის გაანგარიშების თარიღამდე ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში არის დადგენილი. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მზესუმზირის ზეთსა და შროტზე საექსპორტო გადასახადს, როგორც წესი, მათი გამოყენების წინა თვის ბოლო დღეს გამოაქვეყნებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ხვალიდან, ანუ 6 ივლისიდან ხორბლის საექსპორტო გადასახადი ტონაზე 4600 რუბლი იქნება, რაც, 1 ივლისის გაცვლითი კურსით, დაახლოებით, 85,6 დოლარია. ქერის საექსპორტო გადასახადი 3307,4 რუბლი, ანუ 61,5 დოლარი, სიმინდზე კი 2168,8 რუბლი, ანუ 40,3 დოლარი განისაზღვრა. ამჟამად ტონა ხორბალზე საექსპორტო გადასახადი 146,1 დოლარია, ქერზე - 117,5 დოლარი, სიმინდზე კი - 88,7 დოლარი.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო იმედოვნებს, რომ გატარებული ღონისძიებები ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის მხარდაჭერას, შეამცირებს საექსპორტო გადასახადების ოდენობაზე გაცვლითი კურსის რყევების ზემოქმედებას და შიდა ბაზარზე ფასების სტაბილურ მდგომარეობას უზრუნველყოფს.