რუსეთში უცხოური წარმოების დვრიტის დეფიციტის გამო შესაძლოა სასურსათო მაღაზიებიდან არაჟანი, ხაჭო, იოგურტი და რძის სხვა პროდუქტები გაქრეს - ამის შესახებ ინფორმაციას Новости Ру ავრცელებს.
გამოცემის ცნობით დვრიტის 80%, რომელიც არაჟნის, ხაჭოს , იოგურტის და სხვა ფერმენტირებული რძის დასამზადებლად გამოიყენება ევროპის ქვეყნებიდან არის იმპორტირებული. ადგილობრივი კომპანიები აცხადებენ, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო მიმწოდებლები მათთან აღარ თანამშრომლობენ , გარდა ამისა კომპანიებს ლოგისტიკური და ტრანზაქციებთან დაკავშირებული პრობლემებიც ექმნებათ.
დღესდღეობით ქალაქ ბარნაულში და უგლიჩში ადგილობრივ მწარმოებლებს ბაზრის მხოლოდ 12 %-ის დაკმაყოფილება შეუძლია. მარაგში კი მხოლოდ 6 თვის სამყოფი უცხოური წარმოების დვრიტაა დარჩენილი.
ექსპერტების ვარაუდით რუსეთი რძის პროდუქტებიდან კეფირის გაყიდვას კვლავ შეძლებს, მაგრამ არაჟანი, იოგურტი და ყველი შესაძლოა თაროებიდან საერთოდ გაქრეს.
მათივე თქმით, უცხოური მწარმოებლების ადგილობრივით ჩანაცვლებას, სავარაუდოდ, წლები დაჭირდება, დვრიტის მწარმოებელი ქარხნის აშენებას კი დაახლოებით 1 მილიარდი ევრო.