რუსეთში მცხოვრები ყველა მიგრანტი ვალდებული იქნება ქვეყანაში ხანძგლივი ყოფნის უფლების მისაღებად სპეციალური ერთიანი ელექტრონული დოკუმენტი მიიღოს.
სავარაუდოდ ის 10 წლით გაიცემა და უცხოელებს მის გარეშე რუსეთში ცხოვრების და მუშაობის უფლება არ ექნებათ.
ინფორმაცია ამ ინიციატივაზე ჯერ კიდევ აპრილში გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მიგრანტთა ნაკადის რეგულირების და მათი მეტი დაცულობის მიზნით შემოღებულ იქნება ელექტრული პატენტი, რომელშიც მიგრანტის შესახებ მთელი პირადი ინფორმაცია განთავსდება.
პირველ რიგში ახალი ელექტრონული დოკუმენტის გაცემა მოსკოვში დაიწყება.
მიგრანტების შესახებ პირადი მონაცემები ასევე სპეციალურად შექმნილ რეესტრში შეგროვდება. ახალი ნორმები ასევე დამსაქმებლებსაც შეეხება. ისინი ვალდებულები იქნებიან ამავე რეესტრში ყველა უცხოელი თანამშრომელი დაარეგისტრირონ, წინაამღდეგ შემთხვევაში მათ მიგრანტების შრომის გამოყენების უფლება არ ექნებათ.
შსს-ს ინფორმაციით, ახალი ნორმა არ ცვლის მიგრანტების ცხოვრების წესებს. მაგალითად, სავალდებულო არ ხდება დასაქმებული უცხოელების დაზღვევა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. დამსაქმებლებს უცხოური, იაფი მუშახელისთვის დაზღვევაზე ფულის დახარჯვა არ სურთ, ხოლო თავად მიგრანტები, ძირითადად ცენტრალური აზიის ღარიბი ქვეყნების მოქალაქეები, რუსეთში მიღებულ მცირე ხელფასებს ყველანაირად ზოგავენ.
მიგრანტების გადაადგილების კონტროლის მიზნით სპეციალური პლათფორმა შეიქმნება, რომელიც ერთიან ბაზასთან იქნება დაკავშირებული. შესაბამისად, რუსეთის ტერიტორიაზე საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში ისინი რეგისტრაციის გავლას ონლაინ რეჟიმში შეძლებენ.
მიგრანტების აღრიცხვის სისტემას რუსეთის კომუნიკაციების და კავშირგაბმულობის სამინისტრო შექმნის. ამ ბაზის მეშვეობით საჯარო სტრუქტურები ერთმანეთთან დაკავშირებას და კოორდინაციას შეძლებენ. ეს კი მიგრანტებს მუშაობის უფლების ონლაინ რეჟიმში მიღების შესაძლებლობას მისცემს.
სისტემის ამოქმედებისთვის რუსეთის მთავრობაში სპეციალური უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი შეიქნა.
რამდენიმე თვის წინ რუსეთის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ეკონომიკის რამდენიმე დარგის შეუფერხებელი მუშაობისთვის, კერძოდ სამშენებლო სექტორის უცხოური სამუშაო ძალა აუცილებელია.
მეტიც, პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მთავრობას მიგრანტების მოზიდვა დაავალა.
კომპანია Softline-ის დირექტორის ანდრეი შოლოხოვის თქმით, ახალი სისტემა მიგრანტების ლეგალიზებას მნიშვნელოვნად გაართულებს, რადგანაც ბევრი დოკუმენტის წარდგენას და რიგებში დგომას საჭიროებს, რაც ნაკლებად განათლებული აზიელი მიგრანტებისთვის პრობლემური იქნება.
ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ახალი სისტემა მიგრანტებს ყველა გადაადგილებას გააკონტროლებს, რაც საერთაშორისო სამართლის მიხედვით პირადი მონაცემების დაცვის ნორმებს ეწინაამღდეგება.
წყარო: rbc.ru