რუსეთის არასაიმედო სავაჭრო პარტნიორობა სხვადასხვა ფორმით საკმაოდ ხშირად დასტურდება. ვაშლის იმპორტის მოსალოდნელი შეზღუდვა ან აკრძალვა რუსეთში, როგორც ქართველი ექსპორტიორები აცხადებენ, სერიოზულ პრობლემას შექმნის და ფასების კლებას გამოიწვევს. იმის გამო, რომ ვაშლის სარეალიზაციო ბაზარი შეზღუდულია და ძირითადად რუსეთზეა ორიენტირებული, ქართული მოსავლის დიდი ნაწილი შეიძლება გაუყიდავი დარჩეს, რასაც ექსპორტიორები არ გამორიცხავენ და მთავრობას ბაზრის დივერსიფიცირების მიმართულებით ქმედითი ნაბიჯებისკენ მოუწოდებენ.
რუსული მედიის ცნობით, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის მიზნით, ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურები ვაშლის იმპორტის შეზღუდვის, ან აპრილამდე საერთოდ აკრძალვის საკითხს განიხილავენ.
,,ქართული ხილის კომპანიაში“, რომელიც ძირითადად რუსეთში ექსპორტით არის დაკავებული, ფიქრობენ, რომ რუსეთის ბაზარი შეიძლება საერთოდ ჩაიკეტოს. კომპანიის დამფუძნებელი ვახტანგ ბეჟიტაშვილი არ გამორიცხავს, რუსული მხარის გადაწყვეტილება პოლიტიკური ფაქტორით იყოს განპირობებული.
,,მოლოდინი რუსეთში ქართული ხილის ექსპორტთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, კვლავ ნეგატიურია. ვფიქრობთ, რომ შეიძლება ფიზიკურად გაჩერდეს ექსპორტი, ვინაიდან ჩვენ სხვა ქვეყნებში რეალურად ვერ გაგვაქვს ვაშლი, ბაზრის დივერსიფიცირება კი ამ ეტაპზე თითქმის შეუძლებელია. გრძელვადიან პერსპექტივაში, გამოსავალი მოიძებნება, გამოჩნდება გზა, მაგრამ ბაზრის დივერსიფიცირება ჯერჯერობით ძალიან გაგვიჭირდება. პირველ რიგში, ჩვენი ფასი და ხარისხი არ შეესაბამება გლობალური ბაზრების მოთხოვნას. ქართული ვაშლი ნიშას ასე მარტივად ვერ დაიკავებს ევროპაში, ამას სჭირდება დაკონტრაქტება, წინასწარ პარტნიორების მოძიება და სხვა. ასე არ არის, ერთმა შეაჩეროს იმპორტი და ბიზნესი ალტერნატიულ ბაზარზე გადაერთოს. ამის საფუძველი არ არის, სოფლის მეურნეობის პროდუქციას გარე ბაზრებზე ლავირება უჭირს“, - ამბობს ექსპორტიორი.
ვახტანგ ბეჟიტაშვილის ინფორმაციით, ვაშლის ექსპორტს ნოემბრიდან გეგმავენ. რაც შეეხება საექსპორტო ფასს, 1 კგ. სტანდარტული ვაშლი 1-,130 ლარის ფარგლებში იყიდება.
ვაშლის წარმოებაში ლიდერი კომპანიის ,,ტირიფონის ბაღების“ დირექტორი, ზურაბ გოჯიაშვილი რამდენიმე ფაქტორზე საუბრობს, რაც მისი თქმით, ვაშლის ექსპორტისთვის დღესდღეობით დიდი დაბრკოლებაა. მეწარმის ინფორმაციით, სამომავლოდ აპირებს ვაშლის ექსპორტს და უკვე დანამდვილებით იცის, რომ საორიენტაციო ბაზარი რუსეთი არ იქნება.
,,ჩვენი პროდუქცია ჯერჯერობით ადგილობრივ ბაზარზე იყიდება. ექსპორტზე ვფიქრობთ, მაგრამ საიმედო ქვეყნებში, ღირსეულ ბაზრებზე და არა რუსეთში. ამ ეტაპზე რამდენიმე მნიშვნელოვანი შემაფერხებელი გარემოებაა, რაც ბაზრის დივერსიფიცირებას ხელს უშლის. მათ შორის, საიმედო დახარისხების არარსებობა. არ გვაქვს ასევე შესაფუთი მასალა, რაც უმთავრესია მიზეზია, რის გამოც ქართული ვაშლი წამყვანი ქვეყნების ბაზრებზე ვერ გადის. იმპორტირებული ვაშლი შიდა ბაზრისთვის მუყაოს ყუთებით არის მოწოდებული, რაც გარე ბაზრებზე გასასვლელად სავალდებულოა. ჩვენ შევიძინეთ ვაშლის დახარისხების ხაზი, რაც საშუალება იძლევა პროდუქტი დასაწყობდეს წონის, ზომისა და შეფერილობის ინტენსივობის მიხედვით. გარდა ამისა, წარმოვადგენთ ვაშლის ერთადერთ მწარმოებელს, ვისაც ხარისხის სერტიფიკატი გაგვაჩნია“, - ამბობს მეწარმე.
ზურაბ გოჯიაშვილის ინფორმაციით, შარშან წარმოებული ვაშლის მოცულობა 1183 ტონას შეადგენდა. წელს 480 ტონა ხილი უკვე დაბინავებულია და სეზონის ბოლომდე კიდევ ამდენ ან ცოტა მეტ მოსავალს ელიან.
ცნობისთვის, ინტენსიური ბაღი, სახელწოდებით ,,ტირიფონის ბაღები“ გორის რაიონის სოფელ კვარხეთში, სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავლის“ ფარგლებში გაშენდა. პროგრამაში იგი 2015 წელს ჩაერთო და 27 ჰა-ზე ვაშლის ბაღის გაშენებისთვის სახელმწიფოსგან 100 000 ლარის თანადაფინანსება მიიღო.
კომპანიამ შეღავათიანი აგროკრედიტითაც ისარგებლა და 2 000 000 ლარის ოდენობით სესხი სეტყვისგან დამცავი ბადეების, საყრდენი ბოძების, სარწყავი წვეთოვანი სისტემების მოწყობისთვის გამოიყენა. ბაღის გაშენებისთვის, სულ, 4 700 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
,,ტირიფონის ბაღები“ ერთადერთია საქართველოში, რომელიც GlobalGAP სერტიფიკატს ფლობს.
რუსული მედიის ცნობით, ფედერაციაში ვაშლის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი 1,5 მლნ ტონაა. მოხმარება კი სავარაუდოდ 2 მლნ ტონას შეადგენს. შესაბამისად, როგორც ადგილობრივი საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, სექტორს მოუწევს 0,5 მლნ ტონა ვაშლის იმპორტი, ესეც აპრილის შემდეგ.
რაც შეეხება ქართული ვაშლის ექსპორტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემით, აგვისტოში საქართველოდან 182.1 ათასი დოლარის ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა ორი წლის აგვისტოს ექსპორტს თითქმის ორჯერ აღემატება.
EastFruit-ის მონაცემებით, ქართული ვაშლის ძირითად საექსპორტო მიმართულებას ისევ რუსეთი წარმოადგენდა. ექსპორტიორებმა FOB მომსახურების ანუ მიწოდება-დატვირთვის სანაცვლოდ ტონაზე 640 დოლარი მიიღეს.
მარი ჩიტაია