რუსეთში ზედიზედ მეოთხე დღეა გრძელდება უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები. მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ქუჩის აქციების ათობით მონაწილეა დაკავებული.
მოსკოვში ხალხი შეიკრიბა ახალ არბატზე, პეტერბურგში - „გოსტინნი დვორთან“. ყველაზე პოპულარული ლოზუნგია - „არა ომს“.
მოსკოვში ათობით ადამიანმა გამართა მსვლელობა. პოლიციამ მსვლელობის მონაწილეების დაკავებაც დაიწყო.
ხალხს იჭერდნენ ასევე კრემლის მახლობლად, ხიდზე, სადაც ხალხს დღეს დილიდან მიაქვს ყვავილები ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ბორის ნემცოვის ხსოვნის მემორიალზე. პოლიცია ხელს არ უშლის ყვავილების მიტანას, მაგრამ აკავებს იმათ, ვინც ანტისაომარ სიმბოლიკას ატარებს ან ანტისაომარ ლოზუნგებს სკანდირებს.
უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის წინააღმდეგ აქციები რუსეთის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში დაკავებულთა საერთო რაოდენობამ 3000-ს გადააჭარბა.
დღეს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ მიმართული მასობრივი საპროტესტო აქციები ტარდება. მინსკის მაცხოვრებლებს უკრაინის საელჩოსთან ყვავილები მიაქვთ. საელჩოს მახლობლად რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. ისინი მდუმარედ აპროტესტებენ უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციას.
შეგახსენებთ, ინტერნეტში გამოჩნდა პეტიცია რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინის იმპიჩმენტის მოთხოვნით. ის მოქალაქეები, ვინც თვლის, რომ უკრაინაში რუსეთის მხრიდან ომის დაწყება გაუმართლებელი იყო, ხელმოწერებს აგროვებენ change.org-ზე განთავსებულ პეტიციაზე პრეზიდენტის გადასაყენებლად. ამ დროისთვის (თბილისის დროით 19:30 საათზე) პუტინის იმპიჩმენტს 140 255 ათასი ადამიანი ითხოვს. მათი ოდენობა ყოვეწუთიერად იზრდება.