რუსეთ–უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტის პირობებში, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, ექსპორტში წიაღისეულისა და მინერალების მიმართულებით დივერსიფიცირება შედარებით მარტივი იქნება, სოფლის მეურნეობის პროდუქციაში კი რუსეთისა და უკრაინის ბაზრების ჩანაცვლება, რიგი მიზეზების გამო, უფრო გაჭირდება. მთავრობა კი თავის მხრივ ზიანის მაქსიმალურად შემცირებას ეცდება.
2021 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობის ბრუნვამ რუსეთთან და უკრაინასთან ჯამში $2.398 მლრდ შეადგინა - მთლიანი ბრუნვის 16.7%. უარყოფითმა სავაჭრო სალდომ ამ ორ ქვეყანასთან ჯამში $564 მლნ შეადგინა.
2021 წლის მდგომარეობით, რუსეთი საქართველოს #2 სავაჭრო პარტნიორი იყო. ბრუნვამ $1.639 მლრდ შეადგინა რაც ჯამური ბრუნვის 11.4%-ა. რუსეთი მეორე ადგილზე იყო ცალკე აღებულ ექსპორტშიც, სადაც მან $610 მლნ-ით 14.4%-იანი წილი დაიკავა, ხოლო იმპორტში $1.029 მლრდ-ითა და 10.2%-იანი წილით, ასევე მეორე ადგილზე გავიდა.
საქართველოდან რუსეთში ძირითად გადის ფეროშენადნობი - $172 მლნ, ღვინო - $132 მლნ, მინერალური წყლები - $61 მლნ, სპირტიანი სასმელები - $41 მლნ და ხილი – $27 მლნ. საიმპორტო პროდუქციაში ნავთობი, გაზი, ხორბალი და ზეთი ლიდერობს.
უკრაინა $759 მლნ-ით (ჯამური ბრუნვის 5.3%) სავაჭრო პარტნიორებში 2021 წელს მე-6 ადგილზე გავიდა. ექსპორტმა გასულ წელს უკრაინაში $307 მლნ შეადგინა, რითაც მან 7.2%-იანი წილით მე-5 ადგილი დაიკავა, ხოლო იმპორტმა $452 მლნ და ამშედეგით ის 4.5%-იანი წილით მე-7 ადგილზე გავიდა.