„რუსეთზე მაღალი დამოკიდებულება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დაბალი დონით არის გამოწვეული“ - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ ეთერში ეკონომისტმა ირაკლი მაკალათიამ ისაუბრა.
„საგარეო ვაჭრობა რომ განვიხილოთ თვითონ სასაქონლო სტრუქტურის ჭრილში, დავინახავთ , რომ აქ გვაქვს ფეროშენადნობი, სპილენძი, მინერალური წყალი, ღვინო, სპირტიანი სასმელი, ეს პროდუქტები უკვე წლებია არ იცვლება და ერთი და იგივე სტრუქტურით გადის. დანარჩენი, რაც მაღალგანვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში უნდა იწარმოებოდეს. არ არის. შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ დაბალი ეკონომიკის მქონე ქვეყანა ვართ და მეტ პროდუქტს ვერ ვქნით, პირველი ბაზარი, სადაც გაგვაქვს პროდუქცია, ეს არის რუსეთი.
მიზეზი იმისა, რომ პროდუქცია რუსეთში გაგვაქვს და ევროკავშირში ვერ, არის ის, რომ ხარისხიანი პროდუქციის დიდ რაოდენობას ვერ ვაწარმოებთ, რადგან ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და ის შესაძლებლობა, რაც პროდუქციის ხარისხს აამაღლებს და მრავალფეროვანი პროდუქციის შექმნას შეუწყობს ხელს, არ გვაქვს “, - აღნიშნა ირაკლი მაკალათიამ.
რაც შეეხება იმას, რუსეთიდან ფულადი გზავნილების ზრდას უკავშირდება თუ არა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინებას, ირაკლი მაკალათია ამბობს, რომ გზავნილების თანაფარდობის სტატისტიკა, თუ რამდენია შემოსული უცხოელებისთვის და რამდენი ადგილობრივი რეზიდენტებისთვის არ არსებობს, თუმცა მისივე თქმით, საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეები საქართველოში გზავნილებს ნამდვილად იღებენ.
„ადვილი წარმოსადგენია ის, რომ საქართველოში ათასობით რუსი მოქალაქე შემოვიდა, რომლებიც საქართველოში გზავნილებს იღებენ, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა გზავნილებში რუსეთის წილი წლიდან წლამდე მცირდებოდა, ფაქტია, რომ გზავნილებში ყველაზე დიდი წილი მაინც რუსეთზე მოდის, რისი განმაპირობებელი ფაქტორი არის ის, რომ რუსეთში საქართველოდან რაოდენობრივად მეტი ადამიანი იყო წასული და ქვეყანაში მეტ ფულს აგზავნიდნენ.
მაშინ როდესაც ფულად გზავნილებს ქვეყნის ეკონომიკაში დიდი წვლილი აქვთ , ასევე ლარის გამყარების ტენდენციები თუნდაც მცირედით მაგრამ მაინც შეინიშნება და ამის ერთ-ერთ ფაქტორი უცხოეთიდან გზავნილების ზრდაა ეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე დადებითად ვერ აისახება“, - აღნიშნა ირაკლი მაკალათიამ.
მაკალათიამ ასევე აღნიშნა, რომ ბაზრის დივერსიფიცირება აუცილებელია და ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულება ყოველთვის რისკს შეიცავს, არა მხოლოდ საომარი მდგომარეობის გამო, არამედ იმიტომ, რომ შესაძლოა სავაჭრო რეგულაციები შეიცვალოს და სხვა ეკონომიკური მდგომარეობა დადგეს.
„განსაკუთრებით საფრთხის შემცველია ისეთ ქვეყანაზე დამოკიდებულება, რომელიც მუდმივად საომარ მდგომარეობაშია და სხვისი ტერიტორიის მიტაცებაზე ფიქრობს. როდესაც ასეთ ქვეყანასთან გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები, ეს აორმაგებს რისკებს“, - აღნიშნა ირაკლი მაკალათიამ.
ცნობისთვის, 2022 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მიხედვით პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა $299 მილიონით, ზრდა წინა წელთან შედარებით 726%-ია. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
პირველ ხუთეულში რუსეთთან ერთად არის იტალია, აშშ, საბერძნეთი და ისრაელი
თაკო კვაჭანტირაძე