რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საკონსტიტუციო შესწორებას, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური და საერთაშორისი სასამართლოების და არბიტრაჟების გადაწყვეტილებების არაღიარებას გულისხმობს, მხარი დაუჭირა.
ამ ინიციატივით ფედერაციის საბჭოს წევრი კონსტანტინ კოსაჩოვი გამოვიდა.
პროექტი ითვალისწინებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს უფლება ექნება გადაწყვიტოს, აღიარებს თუ არა რუსეთი საერთაშორისო და უცხოური სასამართლოების ამა თუ იმ ვერდიქტს.
არგუმენტად კოსაჩოვმა ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება მოიყვანა, რომელიც რუსეთს კომპანია „იუკოსის“ ყოფილი აქციონერებისთვის 50 მლრდ. დოლარის გადახდას ავალდებულებს.
„შესწორება წინ აღუდგება ამ და მრავალი სხვა ანტირუსული გადაწყვეტილებების აღსრულებას“ - მიიჩნევს დეპუტატი.
ვლადიმერ პუტინმა ეს მიდგომა გაიზიარა.
პრეზიდენტმა ასევე დაუჭირა მხარი შესწორებას, რომელიც გულისხმობს ქვეყანაში უმაღლესი თანამდებობის პირებისთვის უცხოური აქტივების ფლობის აკრძალვას.
„როდესაც ადამიანი სამუშაოდ უმაღლეს ხელმძღვანელად მიდის ამა თუ იმ საჯარო სტრუქტურაში, მან უნდა გააკეთოს არჩევანი - რა სურს მას - ემსახუროს რუსეთის მოსახლეობას, თუ ფლობდეს აქტივებს უცხოეთში და ამით დამოკიდებული იყოს სხვა ქვეყნებზე“ - განაცხადა პუტინმა.
პრეზიდენტმა ასევე მოიწონა შესწორება, რომელიც გულისხმობს რუსული ენის აღიარებას „სახელმწიფოს შემქნელი ერის ენად“.
ასევე პუტინმა „ისტორიის ფალსიფიცირების და ომში რუსი ხალხის მიერ გამოჩენილი გმირობის დაკნინების აკრძალვის“ თაობზე შესწორებას მხარი დაუჭირა.
„ეს პუნქტი აუცილებლად უნდა შევიდეს კონსტიტუციაში, რადგანაც ბოლო წლებში გარკვეული ძალები ცდილობენ ჩვენს ქვეყანას მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება წაართვან“ - განაცხადა პუტინმა.
კიდევ ერთი მხარდაჭერილი ცვლილება რუსეთის ტერიტორიის გასხვისებას კრძალავს.
ვლადიმერ პუტინი საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების ინიციატივით იანვარში გამოვიდა, რის შემდეგაც სპეციალურმა ჯგუფმა მუშაობა დაიწყო, სადაც ხდება წარდგენილი კანონპროექტების წინასწარი განხილვა.
ჯგუფში უკვე შეტანილია 900 წინადადება.
Радио Свобода
თენგიზ აბლოთია