ამ დრომდე სახელი Kaseya მხოლოდ IT-სპეციალისტებს თუ გაუგიათ. $2 მლრდ–ის ღირებულების კომპანია მაიამიდან ჩრდილში მუშაობს – უკეთეს შემთხვევაში, მისი პარტნიორი კომპანიების თანამშრომლებმა არც კი იციან, რომ ის მათ კომპიუტერულ სისტემებს მართავს.
ამჟამად ვითარება მკვეთრად შეიცვალა. ჰაკერებმა Kaseya–ს რამდენიმე პარტნიორი–კომპანიის ქსელებში შეაღწიეს და მისი პროგრამული უზრუნველყოფისადმი სანდოობა კითხვის ქვეშ დააყენეს.
ჰაკერებმა გამოსასყიდი მოითხოვეს – ჯამურად $1 მლრდ–მდე ღირებულების ბიტკოინებზე და შეტევა ათასობით გერმანულ კომპანიას შეეხო.
სავარაუდოდ, კიბერთავდასხმის უკან რუსული ჯგუფი REvil დგას და ეს უკვე პოლიტიკური საკითხიცაა. თუმცა, ამ ეტაპზე ბრალდებები მოსკოვის მიმართ ოფიციალურად არ ისმის, რადგანაც ამისთვის ჯერ არ არის საკმარისი მტკიცებულებები.
ამ შეტევებში ჩვენ ახალ ტენდენციას ვხედავთ – ადრე ჰაკერები ცალკე აღებულ კომპანიებს უტევდნენ, დღეს კი ისინი ერთ მომსახურე კომპანიაზე შეტევით ათასობით ობიექტს აზარალებენ. ასე იყო Solar wind-ის შემთხვევაში, როდესაც მასზე თავდასხმამ კიბერდამნაშავეებს ათასობით სხვა კომპანიასა და საჯარო სტრუქტურაში შეღწევის შესაძლებლობა მისცა.
Kaseya–სთან მიმართებითაც იგივე განმეორდა – თავად კომპანიის ინფორმაციით 40–მდე მისი კლიენტი დაზარალდა, თუმცა, კიბერუსაფრთხოების დარგში მომუშავე კომპანიის Huntress Labs–ის გათვლებით, რეალურად შეტევის მსხვერპლთა რაოდენობა 1000–ს აღემატება.
დაზარალებულები რთული არჩევანის წინაშე დგანან – ან იხდიან გამოსასყიდს და მათი საქმიანობა ჩვეულებრივად აღდგება, ან არ იხდიან და მთელს სისტემას თავიდან აწყობენ. მეორე – საკმაოდ რთული და შრომატევადი პროცესია, თანაც დიდ დანახარჯებს მოითხოვს, ამიტომაც უმეტესობა მაინც ასე თუ ისე გადახდას ამჯობინებს.
უშიშროების ორგანოები ამ მიდგომას არ იზიარებენ – პირველ რიგში იმიტომ, რომ არ არსებობს იმის გარანტია, რომ სისტემები ჰაკერული პროგრამებისგან რეალურად განთავისუფლდებიან – თანაც შესაძლოა ჰაკერებმა მათ ქსელებში თავიანთი პროგრამები დატოვეს, რომლებსაც სურვილის შემთხვევაში ისევ აამოქმედებენ.
ბოლი წლებში ჰაკერული შეტევები სულ უფრო მასშტაბური და ხშირი ხდება, თანაც არა მხოლოდ შტატებში, არამედ ევროპაშიც. გერმანიაში კიბერდამნაშავეებისგან ისეთი მსხვილი კომპანიები დაზარალდნენ, როგორებიცაა სასურსათო ქსელი Tegut, გამომცემლობა Funke Mediengruppe და მედიაკომპანია Madsack.
ჰაკერული თავდასხმების ზრდის საპასუხოდ, გერმანიის მრეწველობის ფედერალური კავშირი საჭიროდ თვლის ეკონომიკის დაცვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას. საინფორმაციო უსაფრთხოების ფედერალური სამმართველოც შეშფოთებულია – უწყების აზრით, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვითარება ძალიან რთულია, რადგანაც „გამომძალველი"–პროგრამების გამოყენება სულ უფრო ფართო მასშტაბებს იძენს.
კიბერ–შეტევის შედეგები შესაძლოა უფრო მძიმეც ყოფილიყო – მსოფლიოში Kaseya–ს 36 000–ზე მეტი კლიენტი ჰყავს.
sueddeutsche.de