რუსეთ-უკრაინის ომის დროს რუსი ოლიგარქების 32-მდე იახტამ დასავლეთის სანქციებისგან თავის დაღწევის მიზნით თავი თურქეთის სანაპიროს შეაფარა. ამის შესახებ The New York Times წერს.
2022 წლის ზაფხულში პორტში Azure, რომელიც თავს პირველ „მეგა იახტების ნავსადგურს“ უწოდებს, დასანქცირებული რუსი მილიარდერების რვა იახტა იყო. მათ შორის: Flying Fox, Lana და Galactica Super Nova, რომელიც მილიარდერ ვაგიტ ალეკპეროვის საკუთრებაა. ამ იახტებს Imperial Yachts-ი კვირაში 1,8 მილიონ დოლარად აქირავებდა. დასანქცირების შემდეგ კომპანიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ არანაირი კავშირი აღარ აქვთ რუსი ოლიგარქების იახტებთან. თუმცა, იახტების გაქირავების რეკლამა Imperial Yachts-ის ვებგვერდზე მანამდე იყო განთავსებული, ვიდრე კომპანიას კითხვებით The New York Times-მა მიმართა.
როგორც გაირკვა, მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმაც გაგზავნა თურქეთში თავისი ოთხი იახტა. ამათგან ყველაზე დიდი, Eclipse, თურქეთის სანაპიროზე აპრილში ჩავიდა. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, იახტამ 1,66 მილიონი დოლარის საწვავი დახარჯა. ოლიგარქის მეორე იახტა - Solaris-ი ბოდრუმში, იალიკავაკის ნავსადგურზეა. იქვეა, ასევე, რუსი ოლიგარქების კიდევ ექვსი იახტა, მათ შორის სამის ოპერირებას Imperial Yachts-ი ახორციელებს.
ძვირადღირებული რუსული იახტები თურქეთის პორტებში ამ დრომდე რჩებიან, რადგან თურქეთი ნატოს ერთადერთი წევრია, რომელსაც რუსეთის წინააღმდეგ სანქციები არ დაუწესებია. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე და მოსკოვის დასჯაზე უარი რუსეთთან ენერგეტიკული დამოკიდებულებითა და ეკონომიკური კავშირებით ახსნა.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა