რუსი სპეციალისტები ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის მოდერნიზაციას იწყებენ. როგორც „როსენერგოატომის“ კონცერნის ხელმძღვანელის მრჩეველმა რენატ კარჩაამ „ინტერფაქსთან“ განაცხადა, ატომურმა ელექტროსადგურმა კოლოსალური ზარალი განიცადა, რაც მისი გათვლით 1,5 მლნ დოლარს აღემატება. გამოცემა იმასაც წერს, რომ „ელექტროსადგური უკრაინის შეიარაღებული ძალების დაბომბვით დაზიანდა“.
რუსულმა მხარემ სამუშაოების დასაგეგმად, ჯერ აუდიტი უნდა ჩაატაროს. რენატ კარჩაას თქმით, ელექტროსადგურის მოდერნიზაციისთვის ბევრი ფული გამოიყო, მაგრამ რეალურად არაფერი გაკეთებულა. მან ისიც თქვა, რომ რუსეთში ატომური ელექტროსადგურების მოდერნიზებაზე სისტემატური მუშაობა დაიწყო.
„ახლა საკმაოდ შრომატევადი სამუშაოები მიმდინარეობს აუდიტის, ბლოკების და სხვა სისტემების ტექნიკური მდგომარეობის გასარკვევად, რასაც კონკრეტულად სადგურის მოდერნიზაციასთან დაკავშირებული სამუშაოები მოჰყვება. გარდა ამისა, სპეციალისტები დაბომბვის შედეგად დაზიანებული ქარხნის ობიექტების უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად მუშაობას აგრძელებენ,“ — განაცხადა რენატ კარჩაამ .
ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგურია ევროპაში, სადაც ექვსი რეაქტორი მუშაობს. ზაპოროჟიის ოლქის რუსეთის მიერ ოკუპირებისა და ანექსიის შემდეგ, ობიექტები რუსეთის ფედერაციას გადაეცა და ფედერალური სახელმწიფო უნიტარული საწარმო „ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური“ შეიქმნა.