რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა. პატრულმა გზა გადაკეტა. მოძრაობის შეზღუდვის მიზეზი დღეს, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან დაგეგმილი აქციაა. მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები იკრიბებიან.
სამართალდამცველებმა რუსთავის ციხესთან რკინის ჯებირები მიიტანეს და მიმდებარე ტერიტორიაზე განალაგეს. ადგილზე უკვე აწყობენ სცენასაც, საიდანაც სიტყვით გამომსვლელები შეკრებილებს მიმართავენ.
ოპოზიციის აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანაა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ზაალ უდუმაშვილი, ამბობს, რომ აქციის მონაწილეთა ამოცანა არის მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ გადაყვანა სამოქალაქო კლინიკაში, სადაც მას სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება გაეწევა, რადგან აქ არის საუბარი კონკრეტულ საათებზე და დღეებზე. როგორც უდუმაშვილი განმარტავს, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„მნიშვნელობა არ აქვს, 100, 1000 თუ 10 000 კაცი შეიკრიბება, ათასობით პოლიციელი ყოველთვის გამოჰყავთ, რასაც ვერ ვხედავთ იმ აქციებზე, რომელსაც ხელისუფლება ოპოზიციის წინააღმდეგ მართავს, ერთი-ორი ეკიპაჟით შემოიფარგლებიან ხოლმე, მაგრამ ახლა ჩვენი ამოცანა არის, რომ მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ იქნას გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, სადაც მას სრულფასოვანი სამედიცინო დახმარება გაეწევა, რადგან აქ არის საუბარი კონკრეტულ საათებზე და დღეებზე. ძალიან მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, აღარ შეიძლება გადადება. მითუმეტეს, დღეს გავრცელდა მისი განცხადება, რომ უარს აცხადებს უკვე მედიკამენტების მიღებაზეც, რაც პრაქტიკულად იმას ნიშნავს, რომ მას სიკვდილი მიუსაჯეს და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ - ჩვენ, საზოგადოებამ, პოლიციამ, სამოქალაქო სექტორმა, ყველამ ერთად, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე და ხვალინდელი მომავალი, რომ სასწრაფოდ გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილი და უზრუნველვყოთ, რომ მას გაეწიოს სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურება“, - განაცხადა უდუმაშვილმა.
წყარო: "ინტერპრესნიუსი"