რუსთავში საცხენოსნო კლუბი „რუსთავის იპოდრომის“ გახსნა იგეგმება, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ საცხენოსნო კლუბის წარმომადგენელმა ირაკლი აბაშიძემ ისაუბრა. მისი თქმით იპოდრომი 3 ჰექტარ მიწის ფართობზეა განთავსებული და საწყის ეტაპზე 20 ცხენი, მათ შორის რამდენიმე პონი ეყოლება, ტერიტორიაზე ტბის მოწყობაც იგეგმება.
„შესასვლელში იქნება ბალახიანი მინდორი, სადაც ცხენებით იჯირითებენ, მოეწყობა სხვადასხვა დასასვენებელი ლოკაციები, იგეგმება ტბის მოწყობაც. ტერიტორიაზე გვეყოლება 20 ცხენი მათ შორის პონები“, - აღნიშნა ირაკლი აბაშიძემ.
საცხენოსნო კლუბი რუსთავის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროს დამაკავშირებელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა. პროექტი, რომლის ინვესტიციაც 300 000 ლარია 2 წლის განმავლობაში უნდა დასრულდეს.
„აქ პირადი ინვესტიციებია ჩადებული, იმედი გვაქვს რომ სახელმწიფო საგრანტო ინვესტიციაც მოხდება . ჯერ ჩვენი ძალებით ვაკეთებთ საინტერესო წინადადებებსაც განვიხილავთ.
„ვფიქრობ ქალაქს ექნება ისეთი სივრცე სადაც ახალგაზრდებით ოჯახებით შეძლებენ დასვენებას, იპოდრომი შესაძლებლობას მისცემ ახალგაზრდებს, რომ დრო განსხვავებულად გაატარონ და გაჯეტებს თავი დააღწიონ, ასევე ექნებათ ჯანსაღი სივრცე, რომელიც ქალაქს გამოაცოცხლებს“, - აღნიშნა ირაკლი აბაშიძემ.
აბაშიძე ფიქრობს, რომ რუსთავის მოსახლეობისგან იპოდრომს დიდი დაინტერესება ექნება და მომხმარებელიც არ მოაკლდება. პროექტში მინიმუმ 15 ადამიანი დასაქმდება.