რუსეთის ფედერაციის თვითმფრინავებისთვის იორდანიის საჰაერო სივრცის დახურვის შემდეგ, ეგვიპტის მიმართულებით მფრინავმა ავიაკომპანიებმა „როსავიაციას“ (რომ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ) სირიის გავლით ფრენების აკრძალვის მოხსნა სთხოვეს, რომელიც თითქმის ათი წლის წინ იქნა შემოღებული სირიის ომის გამო.
The Moscow Times-ის ცნობით, გადამზიდავების მოთხოვნა გამოწვეულია იმით, რომ თურქეთმა, საუდის არაბეთმა, იორდანიამ, ერიტრეამ და იემენმა უარი განაცხადეს ორმაგი რეგისტრაციის მქონე რუსული თვითმფრინავების საჰაერო სივრცეში შეშვებაზე. კერძოდ, პრობლემები წარმოიშვა NordWind-თან და მასთან აფილირებულ Icarus-თან და iFly-თან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ „როსავიაციამ“ სირიის თავზე ფრენები 2013 წლის აპრილში აკრძალა, იმის გამო, რომ NordWind თვითმფრინავს, რომელიც ეგვიპტიდან ყაზანში დაფრინავდა სარაკეტო თავდასხმის საფრთხე ემუქრებოდა.
„როსავიაციამ“ ამ საკითხზე უკვე მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და იქ მიიღო თანხმობა. თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის შეთანხმებული რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან.
თუ გადამზიდველები სირიის გავლით ფრენის ნებართვას არ მიიღებენ, მათ სხვა ვარიანტი არ ექნებათ, აცხადებს რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე პრეზიდენტი დიმიტრი გორინი. მისი თქმით, ეს გამოიწვევს "ფრენების ფასების კორექტირებას", ასევე ეგვიპტიდან დაბრუნება გაუჭირდება დაახლოებით 3000 რუსს.