რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შედეგად, ფულადი გზავნილების მოცულობა რუსეთიდან საქართველოში მკვეთრად – 90%–ით შემცირდა. ამ მოვლენისა და საქართველოს სავალუტო ბაზარზე არსებული სიტუაციის შესახებ „კომერსანტთან“ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო კრედიტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლაშა ნიკოლაიშვილმა ისაუბრა.
„რუსული გზავნილების ოპერაციები 90%-ით შემცირდა. ამ ეტაპზე რუსეთიდან გზავნილები ძირითადად გვაქვს რუბლებში, ანუ რუსული სისტემებიდან მათ ვალუტაში მოდის. თუმცა რუბლები სალაროებში აღარ გვაქვს, რადგან აღარ ბრუნავს და რუბლის არც ყიდვა და არც გაყიდვა აღარ შეგვიძლია, ამიტომ გზავნილებს მხოლოდ ლარში გავცემთ. კლიენტს ვთავაზობთ არჩევანს, ან მოძებნოს ისეთი ორგანიზაცია, სადაც რუბლს გაანაღდებს, ან ლარი აიღოს. რუბლის გადახურდავებასა და კონვერტირებაზე ძალიან სერიოზული პრობლემებია, რადგან ის პლატფორმები, რომლებიც ჩართული იყო საერთაშორსო ბანკებიდან, მაგალითად ჩვენ რუბლს გავცემდით და შემდეგ ამ რუბლს პლატფორმაზე გავყიდდით და ა.შ. ესენი უკვე გათიშულია. ამიტომ ჩვენც ძალიან ვცდილობთ, რომ რუბლის ნაშთები ცოტა გვქონდეს, რადგან ოპერირება ძალიან რთულია.
რაც შეეხება უკრაინას, იქედან გადმორიცხვები ძირითადად ბარათებით ხორციელდებოდა. დიდი რაოდენობით გადმორიცხვები ფიზიკურად თითქმის არ არის და არც ადრე ყოფილა. მართალია საქართველოში უკრაინელების რაოდენობა გაიზარდა და ისინი ჩვენთანაც მოდიან გზავნილების თუ სხვადასხვა მომსახურების მისაღებად, თუმცა აშკარაა რომ ისინი ძირითადად ქეშით არიან ჩამოსული“, - აღნიშნავს ლაშა ნიკოლაიშვილი.
2022 წლის თებერვალში საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოში $183 მლნ გადმოირიცხა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.6%-ით მეტია. დონორ ქვეყნებში პირველიტ ადგილი 18%-იანი წილით ($33 მლნ) იტალიამ დაიკავა, რუსეთი 12%-იანი წილით ($22 მლნ) მეორე ადგილს დასჯერდა. 32%-იანი კლების შემდეგ კი $5.1 მლნ-ით უკრაინამ მე-9 ადგილზე გადაინაცვლა.