რუსული კომპანიების ექსპანსია საქართველოში - ჩამონათვალი

რუსული კომპანიების ექსპანსია საქართველოში - ჩამონათვალი

access_time2022-03-04 16:40:38

საქართველოში 7 000-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული, რომელთა სრული ან გარკვეული წილის მფლობელი რუსეთის ფედერაციის კომპანიები ან/და მოქალაქეები არიან. ამ 7 000-ზე მეტი კომპანიიდან 1 230 კომპანია 1995 წლიდან 2012 წლამდე დარეგისტრირდა, ხოლო 5 500-მდე — 2013-2020 წლებში. ახალი კომპანიების რეგისტრაციის რეკორდული რაოდენობა - დაახლოებით 1 200 კი 2018 წელს დაფიქსირდა.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულების შესახებ გამოაქვეყნა მიმოხილვა. მათი ინფორმაციით, 2011-2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში 410-მა რუსულმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულმა კომპანიებმა ჯამში 590 მლნ ლარამდე ღირებულების კონტრაქტები მიიღეს, რაც 2011-2021 წლებში საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში დახარჯული თანხის დაახლოებით 1.4%-ია. სახელმწიფო შესყიდვებიდან ყველაზე მეტი თანხა „ლუკოილ-ჯორჯიამ“ (200 მლნ ლარი), „მეტროვაგონმშენმა“ (175 მლნ ლარი), „ჩელიაბინსკტრანსსიგნალის საქართველოს ფილიალმა“ (46 მლნ ლარი), „კლასიკ-სტროიმ“ (15.7 მლნ ლარი) და „ინვესტსტროირეგიონმა“ (13 მლნ ლარი) მიიღეს.


მსხვილი რუსული კომპანიები საქართველოში:


სს „თელასი“

„თელასი“ სააქციო საზოგადოებად 1995 წელს დარეგისტრირდა. 1998 წელს კომპანიის აქციების 75% ამერიკულმა კომპანიამ „AES Silk Road Holdings B.V“-მა შეიძინა. 2003 წლის აგვისტოში კომპანია „AES Silk Road Holdings B.V“-ის 100% ფინურმა კომპანიამ „RAO Nordic Oy“-მ იყიდა, რომლის მფლობელი თავის მხრივ რუსული კომპანია „ინტერ რაო“ იყო. დღემდე „თელასის“ 75%-ს „ინტერ რაო“ ფლობს, რომლის საკონტროლო პაკეტის მფლობელი რუსული სახელმწიფო კომპანიები: „როსნეფტგაზ გრუპი“ და „ინტერ რაო კაპიტალ გრუპია“. 1998 წელს სს „თელასის“ 25% საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაში დარჩა. 2020 წლის აგვისტომდე აღნიშნული 25% საქართველოს სახელმწიფო საინვესტიციო ფონდს - „საპარტნიორო ფონდს“ ეკუთვნოდა, რომლისგანაც 10.5 მლნ აშშ დოლარად კერძო კომპანიამ შპს „ბესტ ენერჯი გრუპმა იყიდა. „ბესტ ენერჯი გრუპის“ 100%-იანი წილის მფლობელი ხვიჩა მაქაცარიაა.


სს „თელასი“ თბილისში ელექტროენერგიის გამანაწილებელი ერთადერთი კომპანიაა. აუდიტორულ კომპანია შპს „იუაის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „თელასის“ აქტივები 366 მლნ ლარი იყო. 2020 წელს კომპანიამ 73 მლნ ლარის ზარალი ნახა, 2019 წელს კი 14 მლნ ლარის მოგება დარჩა.


სს „ხრამჰესი I“ და სს „ხრამჰესი II“


ჰიდროელექტრო სადგურები „ხრამჰესი I“ და „ხრამჰესი II“ 1996 წელს დაფუძნდა სააქციო საზოგადოებებად, რომლებიც 1999 წელს „AES Georgia Holdings B.V.“-მ შეიძინა. როგორც უკვე აღინიშნა, 2003 წელს „AES Georgia Holdings B.V“ რუსულმა კომპანიამ „ინტერ რაომ“ შეიძინა. დღეს „ხრამჰესი I“-ისა და „ხრამჰესი II“-ის მფლობელი „Gardabani Holding B.V.“-ია, რომელიც „ინტერ რაოს“ შვილობილი კომპანიაა.


2020 წელს „ხრამჰესი I“-მა და „ხრამჰესი II“-მა 400 მლნ კვტ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა, რაც 2020 წელს საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის 3.6%-ია.


აუდიტორულ კომპანია შპს „იუაის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშების მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ხრამჰესი I“-ის აქტივები 58 მლნ ლარი იყო, ხოლო „ხრამჰესი II“-ის - 103 მლნ ლარი. 2020 წელს „ხრამჰესი I“-ს 2.4 მლნ ლარის მოგება დარჩა, „ხრამჰესი II“-მა კი 3.1 მლნ ლარის ზარალი ნახა. 2019 წელს „ხრამჰესი I“-მა 5.9 მლნ ლარის მოგება ნახა, ხოლო „ხრამჰესი II“-მა კი — 8.6 მლნ ლარის.


სს „ელმავალმშენებელი“


სს „ელმავალმშენებელი“ 1998 წელს დარეგისტრირდა. 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ამ კომპანიის აქციების 87%-ის მფლობელი ოფშორში, მალტაზე რეგისტრირებული კომპანია შპს „ლოკო ტრანს კომპანია“, 12.8%-ს საქართველოს სახელმწიფო ფლობს, 0.2%-ს კი შრომითი კოლექტივი. „ელმავალმშენებლის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რუსეთის მოქალაქე იგორ ტუგბაევია. საბჭოს 7 წევრიდან 6 ასევე რუსეთის მოქალაქეა, ერთი კი — საქართველოს მოქალაქე. ეს შესაძლოა იმას მიანიშნებდეს, რომ მალტაში რეგისტრირებული კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან.


„ელმავალმშენებლის“ ძირითადი საქმიანობა მაგისტრალური ელმავლების მშენებლობა, სათადარიგო დეტალების დამზადება და ელმავლების კაპიტალური შეკეთებაა.


შპს „ინტელექტ აუდიტის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სს „ელმავალმშენებლის“ აქტივები 71 მლნ ლარი იყო. 2019 წელს ამ კომპანიამ 28 მლნ ლარის ზარალი ნახა, 2018 წელს კი - 4 მლნ ლარის.


შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ საქართველოს ფილიალი („აიდიეს ბორჯომი“)



შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ ფილიალი საქართველოში 1997 წელს დარეგისტრირდა. 2009 წლამდე მას „ჯორჯიან გლას ენდ მინერალ უოთერ კო ენ.ვი“ ერქვა. ფილიალს ბორჯომის ხეობის და საქართველოს წყლის სხვა წყაროების გამოყენების ლიცენზია აქვს. „აიდიეს ბორჯომი“ მინერალური და ნატურალური წყლების „ბორჯომის“, „ლიკანის“ და „ბაკურიანის“ მწარმოებელი კომპანიაა. „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანი“ ოფშორში, ნიდერლანდების ანტილის კუნძულებზე, კურასაოზე არის რეგისტრირებული.[i] კომპანიის დირექტორი რუსეთის მოქალაქე ვლადიმირ აშუროვია. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები უცნობია. საქართველოს ფილიალის დირექტორი რუსეთის მოქალაქე მიხაილ პროვოტოროვია. 2021 წლის ივნისამდე საქართველოს ფილიალის დირექტორიც რუსეთის მოქალაქე მიხაილ პროვოტოროვი იყო, რომელიც საქართველოს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჩაანაცვლა[ii].


აუდიტორულ კომპანია შპს „იუაის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის“ საქართველოს ფილიალის აქტივები 87 მლნ აშშ დოლარი იყო. 2020 წელს კომპანიამ 49 მლნ აშშ დოლარის ზარალი ნახა, 2019 წელს კი 17.3 მლნ აშშ დოლარის მოგება დარჩა.


შპს „ვიონი საქართველო“ („ბილაინი“)


შპს „ვიონი საქართველო“ 2003 წელს დაფუძნდა. კომპანიის წილებს ოფშორში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული ორი კომპანია ფლობს: შპს „ვოთერთრაილ ინდასტრიზ“ – 71%-ს და „ინვესტიკო ალიანსე“ – 29%-ს.


„ვიონი საქართველო“ „ბილაინის“ ბრენდით არის წარმოდგენილი. „ბილაინის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის[iii] თანახმად, „ვიონი საქართველო“ საერთაშორისო ჯგუფ „VEON“-ში შედის. „VEON“ ნიდერლანდებშია რეგისტრირებული, თუმცა მისი აქციების 47.9%-ს „Letterone Investment Holdings S.A“ ფლობს[iv], რომლის დამფუძნებელი და მაკონტროლებელი რუსი ბიზნესმენი მიხაილ ფრიდმანია[v]. მის წინააღმდეგ 2019 წელს დაიწყო გამოძიება ესპანეთში, და ასევე 2018 წელს ის მოხვდა აშშ-ს ხაზინის მიერ შექმნილ რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ პირთა სიაში.


შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერსის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ვიონი საქართველოს“ აქტივები 120 მლნ ლარი იყო. 2020 წელს ამ კომპანიამ 92 მლნ ლარის ზარალი ნახა, 2019 წელს კი - 40 მლნ ლარის.



სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“


სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ 1995 წელს დარეგისტრირდა და 2006 წლამდე „გაერთიანებული ქართული ბანკი“ ერქვა. „ვითიბი ბანკი ჯორჯია“ რუსული „ვითიბი ბანკის“ შვილობილი კომპანიაა. „ვითიბი ბანკის“ აქციების დაახლოებით 59%-ს კი რუსეთის ფედერაციის მთავრობა ფლობს.


„ვითიბი ბანკი ჯორჯია“ საქართველოში სიდიდით მე-4 ბანკია, აქტივებით ის მხოლოდ „თიბისი ბანკს“, „საქართველოს ბანკს“ და „ლიბერთი ბანკს“ ჩამორჩება.


რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო, მიმდინარე წლის 25 თებერვალს აშშ-მა და ევროკავშირმა „ვითიბი ბანკს“ სანქციები დაუწესა.


აუდიტორულ კომპანია შპს „იუაის“ მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ აქტივები 3.1 მლრდ ლარი იყო. 2020 წელს ამ კომპანიას 26.7 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2019 წელს კი - 29.8 მლნ ლარის.


შპს „მეტრა დეველოპმენტი“


შპს „მეტრა დეველოპმენტი“ 2013 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 50%-ს რუსეთის მოქალაქე ალექსეი სონკი ფლობს, ხოლო მეორე 50%-ს ასევე რუსეთის მოქალაქე — ალექსეი ვოლჩკოვი.


„მეტრა დეველოპმენტის“ ძირითად საქმიანობას საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა და რეალიზაცია წარმოადგენს. კომპანიის წლიური ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „მეტრა დეველოპმენტის“ აქტივები 19 მლნ ლარი იყო. 2020 წელს კომპანიამ 6.3 მლნ ლარის ზარალი ნახა, 2019 წელს კი — 13 ათასი ლარის.


შპს „როიალ ბატონი“


შპს „როიალ ბატონი“ 2011 წელს დაფუძნდა. კომპანიის 100%-ს რუსეთის მოქალაქე იური კოროტჩენკო ფლობს.


„როიალ ბატონი“ ყვარლის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მის ძირითად საქმიანობას სარესტორნო და სასტუმრო მომსახურება წარმოადგენს. ამ კომპანიის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „როიალ ბატონის“ აქტივები 1.7 მლნ ლარი იყო. 2020 წელს ამ კომპანიამ 516 ათასი ლარის წმინდა ზარალი ნახა, 2019 წელს კი - 323 ათასი ლარის.


შპს „ლუკოილ-ჯორჯია“


შპს „ლუკოილ-ჯორჯია“ 2002 წელს დარეგისტრირდა. კომპანიის 100%-ის მფლობელი შვეიცარიაში რეგისტრირებული სს „ლიტასკოა“. „ლიტასკოს“ საბოლოო ბენეფიციარი კი რუსული კოპანია „ლუკოილია“.


კომპანიის ძირითად საქმიანობას საქართველოს მასშტაბით ნავთობის და ნავთობ ქიმიკატების საბითუმო და საცალო გაყიდვები წარმოადგენს. აუდიტორულ კომპანია „KPMG“-ის მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“ აქტივები 75 მლნ ლარი იყო. 2020 წელს კომპანიას 1.2 მლნ ლარის მოგება დარჩა, 2019 წელს კი 3.2 მლნ ლარის ზარალი ნახა. აღსანიშნავია რომ „ლუკოილი” ევროკავშირის სანქციების ქვეშ მოექცა 2014 წლიდან, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის გამო. ასევე ის აშშ-ს მიერაც არის სანქცირებული.


„იანდექს ტაქსი“


ტაქსის ონლაინ გამოძახების რუსული კომპანია „იანდექს ტაქსი“ საქართველოში 2016 წელს შემოვიდა და მოკლე დროში ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. „იანდექს ტაქსი“ რუსულ ინტერნეტ კომპანია „Yandex“-ის შვილობილ კომპანია „Yandex.Go“-ს ეკუთვნის. „Yandex“-ის შვილობილი კომპანია „Yandex Money“ აშშ-მა მიმდინარე წლის 22 თებერვალს სანქცირებული კომპანიების სიაში შეიყვანა.


„იანდექს ტაქსის“ საქართველოში არსებულ აქტივებზე და სხვა ფინანსურ მაჩვენებლებზე ინფორმაცია საჯარო წყაროებით არ არის ხელმისაწვდომი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up