ევროკავშირის მიერ ნავთობის ემბარგოს მეორე ეტაპის ამოქმედების შემდეგ გერმანიაში, რუსული ნავთობის იმპორტი თითქმის არ განხორციელებულა.
ფედერალური სტატისტიკური სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2023 წლის იანვარში გერმანიამ მიიღო მხოლოდ 3 500 ტონა რუსული ნავთობი. 2022 წლის იანვარში, უკრაინაზე რუსეთის თავდასხმამდე ერთი თვით ადრე კი იმპორტი 2,8 მილიონ ტონას შეადგენდა.
„შედეგად, რუსეთიდან ნავთობის იმპორტი პრაქტიკულად შეჩერებულია. ის 99,9 პროცენტით დაეცა“, - აცხადებენ სტატისტიკის სამსახურში.
რუსეთის წილი გერმანიის ნავთობის მთლიან იმპორტში 2022 წლის იანვარში 36,5% იყო, ახლა კი მხოლოდ 0,1%-ია.
შეგახსენებთ, რომ იანვარში გერმანიის ფინანსთა მინისტრმა კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ გერმანია აღარ არის დამოკიდებული რუსული ენერგიის იმპორტზე. მისი განცხადებით, გერმანიამ გასულ წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის მთლიანი დივერსიფიკაცია მოახდინა.