რუსეთში საფონდო ბირჟა მესამე დღეა არ იხსნება. კრემლში კოლაფსის ხილვა არ სურთ, თუმცა იმ კომპანიებს აქციების ფასები, რომლებიც ლონდონშიც ივაჭრება ბოლო ორ კვირაში 70-90 პროცენტითაა შემცირებული.
ევროპის ენერგოშანტაჟისთვის არაერთხელ გამოყენებული გაზპრომის კაპიტალიზაცია 15 თებერვლიდან 1-ელ მარტამდე $105 მლრდ-დან $33 მლრდ-მდე შემცირდა, რაც 70%-იან ვარდნას ნიშნავს.
შედარებით მცირე 56%-იანი დანაკარგი აქვს როსნეფტგაზას, მისი კაპიტალიზაცია ბოლო ორ კვირაში 75 მლრდ-დან 33 მლრდ დოლარამდე შემცირდა.
$94 მლრდ-დან $14 მლრდ-მდე შემცირდა ლუკოილის კაპიტალიზაცია. 85%-იანი ვარდნაა. კომერსანტი დაინტერესდა შეექმნებოდა თუ არა რაიმე პრობლემა ლუკოილ ჯორჯიას, კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით კითხვებზე წერილობით ვირის ბოლომდე გვიპასუხებდნენ.
კიდევ უფრო მეტად 93%-ით $80 მლრდ-დან $5.5 მლრდ-მდე სბერბანკის კაპიტალიზაცია შემცირდა.
როდესაც რუსეთში საფონდო ბირჟები ადრე თუ გვიან მაინც ჩაირთვება სურათი უფრო თვალსაჩინო გახდება. სავალუტო ინტერვენციების მიუხედავად დოლარის ღირებულება 115 რუბლს აჭარბებს, ჯიხურებში კურსი უფრო მაღალია.
1998 წელს, მაშინ როცა რუსეთმა დეფოლტი გამოაცხადა, ქვეყნის ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა, 2009 წელს ეკონომიკური კრიზისის დროს 7.8%-ით, 2015 წელს ბევრად უფრო მცირე სანქციების გავლენით 2%-ით, 2020 წელს კოვიდშეზღუდვების გამო 3%-ით, წელს პირველად 1994 წლის შემდეგ რუსეთის ეკონომიკა შესაძლოა ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლით შემცირდეს.