2023 წელს საქართველოს ავიაბაზარზე შესაძლოა ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი დაბრუნდეს. როგორც ჟურნალისტებთან კომპანია Discovery-ს დამფუძნებელმა თეიმურაზ ბუზალაძემ განაცხადა, Ryanair-ი მომავალი წლიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების განახლებას აპირებს.
„იმ ავიაკომპანიების ჯგუფიდან, რომელსაც ჩვენ სერვისებს ვუწევთ, ერთადერთი ავიაკომპანია, რომელიც საქართველოს ბაზარზე არ დაბრუნდა, Ryanair-ი იყო, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ეს კომპანია მომდევნო წელს დაბრუნებას გეგმავს. Ryanair-თან კომუნიკაციისას, ზაფხულში გვითხრეს, რომ არ აპირებდნენ გამოჩენას, თუმცა 2023 წელს გეგმები არის“, - აღნიშნა თეიმურაზ ბუზალაძემ.
შეგახსენებთ, რომ Ryanair-მა თბილისის და ქუთაისის მიმართულებით ფრენები პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების ფონზე გააუქმა.