სააღსრულებო სისტემის რეფორმირება საქართველოში - რას ითვალისწინებს „აღსრულების კოდექსის“ პროექტი და რა სიახლეებია მოსალოდნელი მისი ამოქმედების შემთხვევაში

სააღსრულებო სისტემის რეფორმირება საქართველოში - რას ითვალისწინებს „აღსრულების კოდექსის“ პროექტი და რა სიახლეებია მოსალოდნელი მისი ამოქმედების შემთხვევაში

access_time2022-01-18 10:55:15

რას ითვალისწინებს „აღსრულების კოდექსის“ პროექტი და რა სიახლეებია მოსალოდნელი მისი ამოქმედების შემთხვევაში ამ და სხვა თემებზე კითხვებს გრანთ თორნთონ საქართველოს უფროსი იურისტი მიხეილ კუპატაძე პასუხობს.



შესავლის სახით გთხოვთ, მოკლედ მოგვახსენოთ, საქართველოში სააღსრულებო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ქვეყანაში მოქმედი სააღსრულებო სისტემის შესახებ.



საქართველოს ტერიტორიაზე სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელების მარეგულირე-ბელ ცენტრალურ სამართლებრივ აქტს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი („კანონი“) წარმოადგენს, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიერ 1999 წლის 16 აპრილს იქნა მიღებული. აღნიშნული კანონი, სხვა საკითხებთან ერთად, აწესრიგებს ქართული სააღსრულებო სისტემის ორგანიზაციული მოწყობის საფუძვლებს, ადგენს აღსრულების ქვემდებარე აქტების აღსრულების წესსა და პირობებს, აგრეთვე განსაზღვრავს სააღსრულებო წარმოებაში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობებს.




კანონის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით აღსრულების ქვემდებარე აქტების იძულებით აღსრულებაზე კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო („ბიურო“). საგულისხმოა, რომ კანონში 2008 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სააღსრულებო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება კერძო აღმასრულებლებსაც მიენიჭათ. ამასთან, კერძო აღმასრულებლის მიერ აღსრულება ხორციელდება კრედიტორთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სააღსრულებო საქმეში მხარეებად მონაწილეობენ ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირები და აღსასრულებელი ფულადი მოთხოვნა არ აღემატება 500 000 ლარს.



ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ დღეის მდგომარეობით საქართველოში მოქმედებს სააღსრულებო სისტემის ე.წ. შერეული (დუალისტური) მოდელი, რომელიც წარმოადგენს საჯარო (სახელმწიფო) სააღსრულებო სისტემისა და კერძო სააღსრულებო სისტემის ერთგვარ ნაზავს. აღნიშნული სისტემები არსებობენ ერთმანეთის პარალელურად და, რაც მთავარია, კონკურენციას უწევენ ერთმანეთს. ამასთან, შეუძლებელია ჯანსაღი და სრულფასოვანი კონკურენტული გარემოს ფორმირება და შენარჩუნება იმ შემთხვევაში, როდესაც ერთ მხარეს იმყოფება სახელმწიფო თავისი შეუზღუდავი სააღსრულებო კომპეტენციითა და რესურსებით, მეორე მხარეს კი კერძო სუბიექტები, რომლებსაც მხოლოდ გარკვეული ლიმიტის ფარგლებში შეუძლიათ სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელება. აღნიშნული სუბიექტების არათანაბარ კონკურენტულ პირობებში ჩაყენება და ფუნქციონირება კი, საბოლოო ჯამში, ნეგატიურად აისახება სისტემის მომხმარებლებზე და აზიანებს მთლიანად სახელწიფოს.



მიმდინარე სააღსრულებო რეფორმის ერთ-ერთ  უმთავრეს მიზანს სწორედ ზემოხსენებული დისბალანსის აღმოფხვრა წარმოადგენს, რისთვისაც აუცილებელია გამჭვირვალე, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული საკანონმდებლო ბაზის შექმნა.



როგორ შეიცვლება საქართველოს სააღსრულებო სისტემის სტრუქტურა „აღსრულების კოდექსის“ ამოქმედების შემთხვევაში?



 „აღსრულების კოდექსის“ პროექტი („კოდექსი“, „კანონპროექტი“), რომელიც ამჟამად საპარლამენტო განხილვის პროცესშია  საქართველოს პარლამენტს 2021 წლის 22 თებერვალს წარედგინა. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, კოდექსით ახლებურად წესრიგდება ქართული სააღსრულებო სისტემის ორგანიზება, კერძოდ, საუკეთესო ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით შემოთავაზებულია ე.წ. შერეული მოდელიდან კერძო აღსრულების სისტემაზე გადასვლა, რომლის ცენტრში იქნება აღმასრულებელთა სავალდებულო წევრობასა და თვითრეგულირების პრინციპზე დამყარებული სსიპ აღმასრულებელთა პალატა („პალატა“). კანონპროექტის მიხედვით, გაუქმდება სახელმწიფო (ბიუროს) აღმასრულებლისა და კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტები და მოხდება მათი გაერთიანება.



ბიუროს შეუნარჩუნდება მხოლოდ გარკვეული კატეგორიის საქმეთა აღსრულების ექსკლუზიური კომპეტენცია, რომელსაც ის თავისი თანამშრომლების − ინსპექტორებისა და აღსრულების პოლიციელების მეშვეობით განახორციელებს. მისგან განსხვავებით, აღმასრულებელი უფლებამოსილი (და, ამასთანავე, ვალდებული) იქნება, სამოქმედო ტერიტორიის პრინციპის დაცვით, დაიწყოს და განახორციელოს სააღსრულებო მოქმედებები ყველა კატეგორიის საქმეზე, თუ, კოდექსის მიხედვით, კონკრეტული საქმის აღსრულება ინსპექტორის ან აღსრულების პოლიციის კომპეტენციას არ განეკუთვნება. 



კანონპროექტის თანახმად, აღმასრულებელთა შორის საქმეების გადანაწილება მოხდება პროპორციული წესით, საქმეთა ავტომატური გადანაწილების ელექტრონული სისტემის („განაწილების ელექტრონული სისტემა“) საფუძველზე. აღმასრულებელი უფლებამოსილი იქნება, სააღსრულებო საქმიანობა განახორციელოს მხოლოდ თავის სამოქმედო ტერიტორიაზე, რომლის ფარგლები განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ნიშანდობლივია, რომ კანონის ძალაში შესვლიდან 1 წლის განმავლობაში აღმასრულებლები შებოჭილი იქნებიან ზემოაღნიშნული ტერიტორიულობის პრინციპით და აღასრულებენ მხოლოდ განაწილების ელექტრონული სისტემის მეშვეობით მიღებულ საქმეებს, ხოლო კანონის ამოქმედებიდან 1-წლიანი ვადის გასვლის შემდეგ მათ უფლება ექნებათ, სააღსრულებო საქმიანობა განახორციელონ კრედიტორთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზეც, სამოქმედო ტერიტორიის პრინციპის დაცვის გარეშე, რაც დამატებით შეუწყობს ხელს აღმასრულებელთა შორის კონკურენციის წახალისებას.



აღმასრულებელთა უფლებებისა და პროფესიული ინტერესების დაცვას, აღმასრულებლებს შორის საქმეთა პროპორციულ განაწილებას, ასევე სააღსრულებო საქმიანობაში აღმასრულებელთა მხარდაჭერას უზრუნველყოფს პალატა, რომელიც ჩამოყალიბდება ბიუროსთან არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით. ბიურო პასუხისმგებელი იქნება აღმასრულებელთათვის სააღსრულებო საქმიანობის განსახორციელებლად აუცილებელი სერვისების (მათ შორის, სააუქციონო მომსახურების) მიწოდებაზე და უზრუნველყოფს აღმასრულებელთა საქმიანობაზე მუდმივი დისციპლინური, სამართლებრივი და ეკონომიკური მონიტორინგის განხორციელებას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აღმასრულებლებს თანამდებობაზე დანიშნავს და თანამდებობიდან გაათავისუფლებს



ბიუროს თავმჯდომარე, რომელიც, სხვა კომპეტენციებთან ერთად, უფლებამოსილი იქნება, გააუქმოს პალატის მმართველობის უმაღლესი ორგანოს − საერთო კრების მიერ მიღებული ნებისმიერი კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება და აღმასრულებლის ნებისმიერი სააღსრულებო მოქმედება. ისიც საგულისხმოა, რომ აღმასრულებლის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყებისა და შესაბამისი სახდელის დაკისრების უფლებით ისარგებლებს როგორც ბიუროს თავმჯდომარე, ისე პალატის ეთიკის კომისია (ეს უკანასკნელი მხოლოდ გადაცდომის ჩამდენი აღმასრულებლის მიერ ზნეობრივ-ეთიკური ნორმების დარღვევის შემთხვევაში).



გარდა აღსრულების სისტემის ორგანიზაციული მოწყობის ცვლილებისა, კიდევ რა მნიშვნელოვან სიახლეებს ითვალისწინებს „აღსრულების კოდექსი“?

რაც შეეხება კანონპროექტით შემოთავაზებულ სხვა არსებით ცვლილებებს, უნდა აღინიშნოს, რომ კოდექსის ამოქმედების შემთხვევაში, სააღსრულებო კანონმდებლობით პირველად მოხდება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებისა და ურთიერთობების ნორმატიულ დონეზე მოწესრიგება, როგორიცაა: წარმომადგენლობა სააღსრულებო წარმოებაში, მოვალისთვის შეტყობინებისა და დოკუმენტაციის ჩაბარების წესი, პირთა სიმრავლე სააღსრულებო წარმოებაში, აღსასრულებელი მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაკისრება, ორმხრივი და ალტერნატიული ვალდებულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების აღსრულება, აღმასრულებლის მიერ ყადაღადადებული ნივთის აღწერის ან გამოტანის მიზნით მოვალის სათავსსა და საცხოვრებელ სადგომში შესვლის წესი, ყადაღის დადება სეიფში მოთავსებულ ქონებაზე, ფასიან ქაღალდებზე, ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე, საჰაერო/საზღვაო ხომალდებზე და სხვ.



გარდა ამისა, იგეგმება ისეთი მნიშვნელოვანი სააღსრულებო ინსტიტუტის საკანონმდებლო რეგლამენტაცია, როგორიცაა მედიაცია აღსრულებაში, რომლის წარმართვას სააღსრულებო წარმოების მხარეთა თანხმობის შემთხვევაში უზრუნველყოფს ბიუროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. ქართულ საკანონმდებლო სივრცეში ნოვაციას წარმოადგენს აგრეთვე კანონპროექტით გათვალისწინებული სააღსრულებო შეთანხმების ინსტიტუტი, რომელიც იარსებებს სააღსრულებო მორიგებასთან ერთად, თუმცა ამ უკანასკნელისგან განსხვავებით მის დამტკიცებაზე უფლებამოსილი სუბიექტი იქნება არა სასამართლო, არამედ აღმასრულებელი. ამასთან, კრედიტორსა და მოვალეს შორის სააღსრულებო შეთანხმების დადება გამოიწვევს აღსრულების შეჩერებას და არა შეწყვეტას. ნიშანდობლივია, რომ კოდექსის შემოთავაზებული რედაქციით უქმდება იძულებითი იპოთეკა, იცვლება პირის დაჯარიმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ხანდაზმულობის ვადა (კერძოდ, ადმინისტრაციული ჯარიმის აღსრულების ხანდაზმულობა მცირდება 5 წლიდან 2 წლამდე, ხოლო სისხლისსამართლებრივი ჯარიმის აღსრულების ხანდაზმულობა განისაზღვრება 5 წლით), ახლებურად ყალიბდება გამოცხადებული აუქციონის შეწყვეტასა და აღსრულების შეჩერებასთან დაკავშირებული რეგულაციები, აგრეთვე შემოდის ბიუროს არაერთი ახალი ფასიანი სერვისი, მათ შორის: ბიუროს მიერ ფულისა და მოძრავი ნივთების დეპონირება, აღსრულების საპროცესო მომსახურება (რომლის ფარგლებში ბიურო 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს საპროცესო გზავნილების მიღებას, რა შემთხვევაშიც დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა გაშვებულად არ ჩაითვლება) და გამარტივებული წარმოების რეჟიმში სასყიდლიან ხელშეკრულებათა რეგისტრაცია, რომლებსაც ბიურო განახორციელებს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული საფასურის გადახდის სანაცვლოდ.      



როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ გააკრიტიკა „აღსრულების კოდექსის“ რეგულაციები გარდამავალ პერიოდში აღსასრულებელ საქმეთა ავტომატური განაწილების შესახებ. თქვენ რა შენიშვნები გაქვთ კანონპროექტის არსებულ რედაქციასთან დაკავშირებით? დაასახელეთ რამდენიმე მათგანი.



სამწუხაროდ, კოდექსით შემოთავაზებულ სიახლეებს შორის გვხვდება ისეთი დებულებებიც, რომელთა პრაქტიკაში იმპლემენტაციამ შესაძლოა ვერ უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის დადგენა სააღსრულებო წარმოების მხარეთა დაპირისპირებულ ინტერესებს შორის. ასე მაგალითად, კანონპროექტის 33-ე მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, აღმასრულებელი უფლებამოსილია, მოვალის მიმართვის საფუძველზე და კრედიტორის თანხმობის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება ვალდებულების შესრულების 12 თვემდე ვადით განწილვადების თაობაზე, თუ კუმულაციურად დაკმაყოფილებულია შემდეგი წინაპირობები: აღსასრულებელი მოთხოვნის ოდენობა არ აღემატება 10 000 ლარს, სარეალიზაციო ქონების ღირებულება სულ მცირე ათჯერ აღემატება აღსასრულებელი მოთხოვნის ოდენობას და, ამასთანავე, მოვალის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მოსალოდნელია განწილვადების შედეგად კრედიტორის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება. აღნიშნული წესი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, როდესაც სააღსრულებო წარმოება მიმდინარეობს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით. აგრეთვე, საყურადღებოა კანონპროექტის მე-18 მუხლი, რომელიც ადგენს, რომ ადრესატის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში აღმასრულებლის შეტყობინება (დოკუმენტი) ბარდება მასთან მცხოვრებ ან მის საცხოვრებელ მისამართზე მყოფ ქმედუნარიან პირს, რაც ჩაითვლება შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარებად. საგულისხმოა, რომ „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის“ შესაბამისად, სასამართლო უწყება ადრესატისთვის სათანადო წესით ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ ჩამბარებელმა უწყება გადასცა ადრესატთან „მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს“ (და არა მის მისამართზე ნებისმიერი მიზეზით მყოფ ქმედუნარიან პირს). ამრიგად ნათელია, რომ საპროცესო კოდექსი ადრესატის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის უფრო მაღალ სტანდარტს აწესებს, ვიდრე კანონპროექტის არსებული რედაქცია. გარდა ამისა, კოდექსის ერთ-ერთ მთავარ ნაკლს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მასში მხოლოდ ზოგადი მითითებები გვხვდება სააღსრულებო ღონისძიებების გატარებისას პროპორციულობის პრინციპის დაცვის საჭიროებაზე,  თუმცა არასათანადოდ არის რეგულირებული აღნიშნული პრინციპის მნიშვნელობა და მისი როლი დავალიანების ამოღების (მათ შორის, მოვალის აქტივების დაყადაღების) პროცესში. შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს არარსებობის პირობებში კი, მხოლოდ კანონის ზედაპირული მოწესრიგება საკმარისი ვერ იქნება სააღსრულებო პრაქტიკაში ამ უმნიშვნელოვანესი პრინციპის სრულფასოვანი იმპლემენტაციისთვის, ამიტომ საჭიროა კოდექსში უფრო კონკრეტული და ნათლად ფორმულირებული რეგულაციების გათვალისწინება. აგრეთვე ბუნდოვანი და სამართლიანობას მოკლებულია გამარტივებული წარმოებისას რესპონდენტის საბანკო ანგარიშზე ყადაღის დადებასთან დაკავშირებული დებულებები. მიზანშეწონილია, რომ საბანკო ანგარიშის დაყადაღების მექანიზმი ან სრულად იქნეს ამოღებული კანონპროექტიდან ან, სულ მცირე, შეიქმნას სათანადო სამართლებრივი გარანტიები, რომლებიც უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, რესპონდენტის ჯეროვნად ინფორმირებას მისი უფლებებისა და აღნიშნულ უფლებათა გამოუყენებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, აპლიკანტის მიმართ სათანადო ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელებას უფლების არამართლზომიერად გამოყენების აღკვეთის მიზნით.



რა პოზიტიურ ცვლილებებს უნდა ველოდოთ პარლამენტის მიერ აღსრულების კოდექსის დამტკიცების შემთხვევაში?



მიმდინარე სააღსრულებო რეფორმა აშკარად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში თანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სააღსრულებო სისტემის ჩამოყალიბებისა და ინსტიტუტების ფორმირების თვალსაზრისით. კანონპროექტი არა მხოლოდ განსაზღვრავს აღსრულების სისტემის ახლებურად ორგანიზების მარეგულირებელ სამართლებრივ ჩარჩოს, არამედ საკანონმდებლო დონეზე აწესრიგებს სააღსრულებო სამართლის სფეროს მიკუთვნებულ მთელ რიგ ფუნდამენტურ საკითხებსა და ურთიერთობებს, რომლებსაც დღეისათვის მოქმედი საკანონმდებლო ბაზა უბრალოდ უგულებელყოფს. აქედან გამომდინარე, არსებობს მოლოდინი იმისა, რომ კოდექსის მიღების შემთხვევაში საქართველოში აღსრულების პროცესი გახდება უფრო მოქნილი, პროგნოზირებადი და სამართლიანი, რაც, სხვა პოზიტიურ ცვლილებებთან ერთად, ხელს შეუწყობს მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს ფორმირებას, და ამ თვალსაზრისით, ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას.



აღნიშნული მოლოდინის რეალობად ქცევისთვის კი, პირველ რიგში, აუცილებელია, რომ დღის წესრიგში დადგეს კანონპროექტის ამჟამინდელი რედაქციის არსებითად გადამუშავების საკითხი, რათა აღმოიფხვრას მასში არსებული ყველა ხარვეზი ბუნდოვანი, არაგონივრული და უსამართლო ჩანაწერების სახით, რომლებსაც შეუძლია ნეგატიური გავლენა იქონიოს ჩვენს ქვეყანაში სააღსრულებო სისტემის გამართულად და შეუფერხებლად ფუნქციონირებაზე. მათ შორის, მიზანშეწონილია, რომ საპარლამენტო განხილვების მიმდინარეობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს კანონპროექტის თითოეული დებულების შესაბამისობას აღსრულების პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპთან, რათა ახალი კანონის მიღებითა და პრაქტიკაში ამოქმედებით მაქსიმალურად სრულყოფილად და ეფექტიანად იქნას უზრუნველყოფილი სააღსრულებო წარმოების მხარეთა უფლებების თანაბრად დაცვა და ინტერესთა სამართლიანი დაბალანსება.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up