2023 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 3,4 ლარით გაიზარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 256,9 ლარით განისაზღვრა, მაშინ როდესაც 2022 წლის დეკემბერში ეს მაჩვენებელი 253,5 ლარს შეადგენდა.
2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2023 წლის იანვარში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 30,7 ლარით არის გაზრდილი. 2022 წლის იანვარში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 226,2 ლარის დონეზე იყო.
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის იანვარში 2022 წლის დეკემბერთან შედარებით, გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 224,5 ლარის ნაცვლად, 227,5 ლარი გახდა. რაც შეეხება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი მაშინ 200,4 ლარს შეადგენდა. შესაბამისად თვიურ ჭრილში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 3 ლარით გაიზარდა, ხოლო წლიურ ჭრილში კი ზრდა 27,1 ლარია.
შენიშვნა: 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.