2023 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 0,5 ლარით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის თებერვალში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 256,4 ლარით განისაზღვრა, მაშინ როდესაც 2023 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 256,9 ლარს შეადგენდა.
2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2023 წლის თებერვალში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 25,1 ლარით არის გაზრდილი. 2022 წლის თებერვალში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 231,3 ლარის დონეზე იყო.
ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის თებერვალში 2023 წლის იანვართან შედარებით, შემცირდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 227,5 ლარის ნაცვლად, 227,1 ლარი გახდა. რაც შეეხება 2022 წლის ანალოგიურ პერიოდს, საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი მაშინ 204,9 ლარს შეადგენდა. შესაბამისად თვიურ ჭრილში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 0,4 ლარით შემცირდა, ხოლო წლიურ ჭრილში კი ზრდა 22,2 ლარია.
შენიშვნა: 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია ,,საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.