შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი მაისში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.2%-ით 245 ლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
საარსებო მინიმუმის ზრდის ტემპმა ინფლაციას 5.9%-ით გადააჭარბა. აპრილში სხვაობა 7.1% იყო. დისბალანსის მიზეზი საკვებზე ფასების საშუალოზე უფრო მაღალი ტემპით ზრდაა. თუ მაისში გასაშუალოებულმა ინფლაციამ 13.2% შეადგინა, პური 35%-ით გაძვირდა.
245 ლარი საქსტატის დათვლით მაქსიმალური თანხაა, რომლითაც თავი შრომისუნარიანმა მამაკაცმა უნდა გაიტანოს, საშუალო მომხმარებელმა კი 217 ლარი უნდა იმყოფინოს.
2022 წლის ივნისის მდგომარეობით ახლაც 2003 წლის მაისში შემუშავებული ფორმულა მოქმედებს. 19 წლის წინანდელი ბრძანების მიხედვით, შრომისუნარიანმა მამაკაცმა დღიურად 250 გრამი პური, 20 გრამი ლობიო, 15 გრამი მაკარონი, 10 გრამი ღორის ხორცი, 10 გრამი ძეხვი, 0.5 კვერცხი, 25 გრამი მაწონი, 15 გრამი სტაფილო, 20 გრამი ღვინო და ჯამში 40 დასახელების პროდუქტი უნდა იკმაროს რომელთა ჯამური ენერგეტიკული ღირებულება 2300 კილოკალორიას შეადგენს.
თავი რომ დავანებოთ 10 გრამი ხორცის მოცულობას, 2300 კილოკალორიაც არასაკმარისია და ის 13 წლის ბავშვის ნორმაა. 15-დან 50 წლამდე მამაკაცს საშუალოდ 2600-3000 კილოკალორია სჭირდება, ეს დამოკიდებულია წონაზე. ქალს შედარებით ნაკლები, თუმცა ფეხმძიმობისა და მეძუძურეობის პერიოდში უფრო მეტი.