შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი აგვისტოში გასული თვის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.5 ლარით გაიზარდა და 246.8 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2022 წლის აგვისტოში კი, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 25.7 ლარით არის გაზრდილი. 2021-ის აგვისტოში საარსებო მინიმუმი მხოლოდ 221.1 ლარს შეადგენდა.
„საქსტატის“ მონაცემებით, აგვისტოში ივლისთან შედარებით, 1.3 ლარით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 217.3 ლარის ნაცვლად, 218.6 ლარი გახდა. რაც შეეხება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, 2021 წლის აგვისტოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 195.8 ლარს შეადგენდა.
ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.