საარსებო მინიმუმი სექტემბერში წინა თვესთან შედარებით გაიზარდა და 247.3 ლარს შეადგენს.
„საქსტატის“ მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი აგვისტოსთან შედარებით 50 თეთრით, წლიურად კი 31 ლარით არის გაზრდილი.
სექტემბერში აგვისტოსთან შედარებით, 40 თეტღით გაიზარდა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმიც და 218.6 ლარის ნაცვლად, 219.1 ლარი გახდა. რაც შეეხება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს, 2021 წლის სექტემბერში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 191.6 ლარს შეადგენდა.
ცნობისთვის, საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.