საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები 2023 წლის მსოფლიო თასზე მეექვსედ ითამაშებს. მსოფლიო რაგბიდან რუსეთის გარიცხვის გამო მასთან გასამართი მატჩი საქართველოს ავტომატურად მოგებად ჩაეთვალა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
საქართველო რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად 2003 წელს მოხვდა, გადამწყვეტ მატჩში 17:13 საქართველომ რუსეთი თბილისში დაამარცხა.
პირველი ჩემპიონატი 0 მოგებით დასრულდა, 2007 და 2011 წლებში 1 მოგებით და 3 წაგებით საქართველომ ჯგუფში მეოთხე ადგილის დაკავება შეძლო, 2015 წელს 2 მოგების შემდეგ მესამეზე გავიდა, 2019 წელს კი ისევ მეოთხე ადგილს დასჯერდა.
27 თებერვალს საქართველოსა და რუსეთს შორის ოფიციალური მატჩი უნდა გამართულიყო, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო ჯერ გაურკვეველი ვადით გადაიდო, შემდეგ კი გაუქმდა.