გვსურს გამოვეხმაუროთ „ტელეკომპანია პირველის“ მორიგ ტყუილს თბილისი-ბათუმის ავტობანის პარალიზების შესახებ და საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და სწორი ინფორმაცია. — ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობლო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„კომერსანტის“ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
ქალაქ ლანჩხუთში, აღმაშენებლის ქუჩაზე გამავალი, ავტობანთან მისასვლელი გზის 1,5 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს ზამთრის პერიოდის შემდგომ გაჩენილი ორმოულების შეკეთების და გზაზე არსებული ჭის თავების გამოცვლა-გასწორების სამუშაოები, რის შესახებაც ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი იყო (http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&func=menu&uid=1680869943&pid=1388404621)
სამუშაოები მიმდინარეობს მოვლა-შენახვის ხელშეკრულების ფარგლებში და სრულდება ხვალ, 14 აპრილს.
სამუშაოების დასრულებამდე, დროებით, სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა გადაერთო სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის ძველი მიმართულებით, ლანჩხუთი-ჯაპანას მონაკვეთზე, საიდანაც ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს.
აღნიშნული შეზღუდვა იმოქმედებს 14 აპრილის დღის ბოლომდე.
რაც შეეხება, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვას, იგი გამოწვეულია რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე დაწესებული შეზღუდვით, რომლის მიხედვითაც: მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და სატვირითო ავტომობილების მოძრაობა დასაშვებია 21:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, რევერსულად.
შესაბამისად, ტელეკომპანიის მიერ მომზადებული სიუჟეტი არის აგებული ტყუილზე, დამახინჯებულ ფაქტებზე, არასრულ ინფორმაციაზე და ემსახურება საკუთარი მაყურებლის შეცდომაში შეყვანას სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციის მიზნით.