საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე გიგა კობალაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს საქართველოსა და მოლდოვაში ანალოგიური რუსული სქემების მუშაობის შესახებ, რომლის მიზანსაც ამ ქვეყნებში გავლენების მოპოვება წარმოადგენს.
„კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ გიგა კობალაძის პოსტს:
„ყურადღება!!!
რამდენიმე დღის წინ, რუსეთის მიერ შექმნილმა ორგანიზაცია GERA-ს წარმომადგენლებმა, ერთ- ერთი ტელევიზიის ეთერში სიამაყით განაცხადეს, რომ გააფორმეს ხელშეკრულება მოლდოვის საავტორო უფლებების ორგანიზაციასთან - MORA.
ვაქვეყნებთ ჩვენი მოლდოველი პარტნიორის, ერთადერთი საერთაშორისოდ აღიარებული საავტორო უფლებების ორგანიზაცია ANCO-ს წერილს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსა და მოლდოვაში მოქმედ საერთო რუსულ სქემას.
MORA მოლდოვაში დაფუძნებულია რუსეთის მიერ და არის რუსეთის მიერვე შექმნილი ევრაზიული კავშირის (ЕАКОП) წევრი.
MORA-ს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების ამსახველი ვიდეო იხილეთ აქ: https://bit.ly/35F9BZb
ვიდეოს დასაწყისში ჩანს რუსული სქემის თავკაცი ანდრეი კრიჩევსკი.
ისევე როგორც GERA საქართველოში, MORA-ც არის უკანონოდ მოქმედი ორგანიზაცია მოლდოვაში, რადგან არ აქვს აკრედიტაცია.
ANCO ამავდროულად ადასტურებს, რომ საქართველოში ერთადერთი ორგანიზაცია ვართ ჩვენ, ვისთანაც მათ აქვთ ხელშეკრულება და იძლევა მყარ გარანტიას, რომ არ გააფორმებენ არანაირ ხელშეკრულებას GERA-სთან.
შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, ჩვენ მიერ ანდრეი კრიჩევსკისთვის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმის შემდეგ, რუსეთმა შექმნა GERA და საქართველოში საავტორო უფლებების სფეროზე გავლენის მოპოვების მიზნით დღემდე აგრძელებს მის დაფინანსებას“, – წერს გიგა კობალაძე.